არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში მცირე ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია.
კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, რა ინფორმაცია აქვთ სასტუმროების მენეჯერებსა და მფლობელებს ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ, რამდენად იყენებენ მათ, სამომავლოდ რამდენად გამოიყენებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და სურთ თუ არა ამ მხრივ მეტი ინფორმაციის მიღება.
აღნიშნული კვლევა პირველი ეტაპია პროექტისა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სატუმროებში ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელების ხელშეწყობას.
კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში – სტეფანწმინდის, მცხეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში – სულ 26 სასტუმროში ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.
აღმოჩნდა, რომ:
→ გამოკითხული სასტუმროების უმეტესობა ნაწილობრივ ინფორმირებულია ენერგოეფეტურობის ღონისძიებების შესახებ. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციისადმი ინტერესი არსებობს.
→ ყველაზე გავრცელებული ენერგოეფექტური ღონისძიებები რომელიც გამოკითხულ სასტუმროებში ჩატარებულა, ენერგოეფექტური ნათურების მონტაჟი და დათბუნებაა (თერმოიზოლაცია). თერმოიზოლაციის მეთოდი პოპულარულია სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ახალაშენებულ სასტუმროებში. მას მხოლოდ ნაწილობრივ მიმართავენ აჭარის ზღვისპირეთის სასტუმროებში.
→ რაც შეეხება მზის წყლის გამაცხელებლებს, მათ გამოკითხული ყველა მუნიციპალიტეის სასტუმროებში იშვიათად მიმართავენ.
→ თუმცა, ამავე სასტუმროებში მაღალია ინტერესი მზის პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლებისადმი. ასევე — მსგავსი პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებისადმი.
→ სასტუმროებში ენერგოეფექტური პროექტებისადმი ინტერესის ძირითადი მიზეზი ხარჯების ეკონომიაა. თუმცა, ზიგიერთ სასტუმროს დამატებითი მოტივაციაც აქვს: – გარემოს დაცვა, ან ეკომეგობრული სასტუმროს სტატუსის მიღება.
→ კვლევის ფარგლებში გამოკითხული სასტუმროების მფლობელებმა გამოხატეს ინტერესი, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, თუ ეს მათ ბიზნესს გამოადგება.
→ სასტუმროებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის წყაროებია: ძირითადად, სატელევიზიო და ონლაინ მედია. ზოგ შემთხვევაში კი დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობები, რომლის შედეგადაც, გამოკითხულებს უფრო ღრმა ცოდნა აქვთ აღნიშნულ თემაზე; თუმცა, 26 გამოკითულიდან, ასეთი მხოლოდ 5 სასტუმროს წარმომადგენელი იყო.
→ ზოგ შემთხვევაში, სასტუმროების მფლობელებმა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია შრომითი მიგრაციის დროს, საზღვარგარეთ მუშაობისას, ძირითადად, თურქეთიდან მიიღეს. გამოკითხულ სასტუმროებში ინფორმაციას იღებენ სომხეთიდანაც, სადაც მზის გამათბობლებს იყენებენ.
მეტი ინფორმაციისთვის და კვლევის სრულად სანახავად, ეწვიეთ ბმულს:
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროექტის შემდეგი ეტაპებია: სასტუმროებისათვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ბაზრის კვლევა და ამ ტექნოლოგიების კატალოგის შემუშავება. კატალოგზე მუშაობის დასრულება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.
GEO მომავალი 2 წლის განმავლობაში შეისწავლის და თავს მოუყრის ქვეყანაში ენერგოეფექტური და რესურსეფექტური ტექნოლოგიების, მათი ხარჯთ-სარგებლიანობის და შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სამიზნე რეგიონებში მომუშავე 500-მდე სასტუმროს გადასცემს. პროექტის საფინალო ეტაპზე, შერჩეულ სასტუმროებში, დონორი ორგანიზაციის თანადაფინანსებით, საპილოტე პროექტებიც შეიქმნება – ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინსტალირდება. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა და მცხეთა-მთიანეთი.
პროექტი ხორციელდება GIZ-ის კლიმატის საერთაშირისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMUV) ფინანსური მხარდაჭერით.