გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) რესურსების მობილიზაციის დირექტორთან, პიეტრო ტურილთან გამართულ შეხვედრაზე კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას CIP-ის წარმომადგენელი ელიზაბეთ ულმანი და CIP-ის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანი ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოებისა და მოსავლიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„ჩვენ ქვეყანას აქვს პოტენციალი კარტოფილით არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს. ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სფეროში გვაქვს გამოწვევები, როგორიცაა ფერმერების ცოდნის დონის გაზრდა და კვალიფიციური კადრების მომზადება; სწორედ ამიტომ, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია და აუცილებელია“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
CIP-თან ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღის თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომელიც ახალი გენოტიპების შემოტანას, ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, სპეციალისტების და ფერმერების გადამზადებას, საჭიროს ტექნიკის ადაპტაციას, ბიზნესშესალებლობების განვითარების ანალიზს და ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა 34 ტრენინგი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 22 წარმომადგენელი, 120 მეცნიერი და 150-მდე ფერმერი გადამზადდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას და წილკნის საცდელ-სადემონტრაციო ბაზები დაათვალიერეს და მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრვალებისა და უვირუსო სარგავლი მასალის კვლევის ლაბორატორია მოინახულეს, სადაც CIP-დან მიღებული კარტოფილის 76 კლონის გამოცდა მიმდინარეობს.
კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის სათესლე მასალის მიღების მიზნის, მოკრომცენარეების სინჯარებიდან ორანჟერეაში გადარგვა ხდება, მათი გამოცდა კი, საქართველოს 6 რეგიონში, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 3 ჯიში – მესხური, მესხური წითელი და ჯავახეთური, 2 ჯიშის დარეგისტრირებაზე კი მიმდინარეობს მუშაობა.