სამართლიანი წვდომა წყალზე – როგორია ფერმერის გზა საირიგაციო წყლის მართვაში

ირიგაცია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საირიგაციო წყლის მართვის საკითხებზე საუბრობს:

„უკვე მესამე წელია, სემეკი სრულფასოვნად არეგულირებს მელიორაციის სექტორს. ამ პროცესმა საირიგაციო წყლის მართვა გახადა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ისევე როგორც ეს დამკვიდრებულია სხვა რეგულირებად სექტორებში. შედეგად, ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც ადრე დაკავშირებული იყო წყლის უმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით მოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან.

დღეს ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ წყლის მოხმარება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. წყალმომარაგებისთვის აუცილებელია მელიორაციის კომპანიასთან ყოველწლიურად შეთანხმდეს წყალსარგებლობის განრიგი. მასში ნათლად არის მოცემული როდის და რა მოცულობით მიიღებს წყალს კონკრეტული მომხმარებელი. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს საირიგაციო წყლის მიზნობრივ და რაციონალურ გამოყენებას, ასევე უზრუნველყოფს, რომ ყველა ფერმერმა თანაბარ პირობებში შეძლოს სარწყავი წყლის მიღება.

სემეკის რეგულაციების მიხედვით, მელიორაციის კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, მომხმარებელთა SMS შეტყობინებით კონკრეტული რწყვის ოპერაციის დაწყებისა და დასრულების პერიოდის ინფორმირების შესახებ (რომელიც შეთანხმებულია წყალსარგებლობის განრიგით). მიწოდების წერტილში წყლის განაწილებასთან დაკავშირებული გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნულ შეტყობინებას მიიღებს ამ კონკრეტულ მიწოდების წერტილზე რეგისტრირებული ყველა მომხმარებელი, რათა მათ შეძლონ წყლის აღებისთვის მომზადება და წინასწარ დაიჭირონ თადარიგი წყალმომარაგების მათთვის განსაზღვრული პერიოდისთვის.

თუ ფერმერი წინასწარი შეთანხმების გარეშე (განრიგის დარღვევით ან მის გარეშე) მოიხმარს წყალს, ეს ქმედება ჩაითვლება უკანონო მოხმარებად და შეუწყდება წყალმომარაგება (გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია აეკრძალოს საირიგაციო წყლით სარგებლობაც). მოცემულ შემთხვევაში ფერმერს დაეკისრება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. გარდა ამისა, მელიორაციის კომპანიის მიერ დამატებით დაერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულება, მ³-ში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფერმერმა დროულად გააფორმოს წყალსარგებლობის შეთანხმება და მკაცრად დაიცვას ამ შეთანხმებით განსაზღვრული რწყვის პერიოდები.

თუ თქვენ, როგორც ფერმერს, წყალსარგებლობის განრიგი შეთანხმებული გქონდათ მელიორაციის კომპანიასთან, მაგრამ წყალი მაინც არ მოგეწოდებათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მელიორაციის კომპანიას რეაგირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დროულად არ რეაგირებს ან/და წყალი მაინც არ მოგეწოდებათ, შეგიძლიათ წერილობით მოითხოვოთ დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. დეფიციტის რეჟიმი ნიშნავს, რომ სისტემაში არსებული წყლის რესურსი სრულად მიემართება მხოლოდ ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა არავინ დარჩეს წყლის გარეშე მაშინ, როცა ეს მოსავლის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია.

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ურთიერთდამოკიდებულ ნაკვეთებზე გაშენებული კულტურები ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს. მაგალითად, თუ ერთი ნაკვეთი ბევრ წყალს მოითხოვს, ხოლო მეზობელს ნაკლები წყალი სჭირდება, აუცილებელია მეზობლებს შორის შეთანხმება, რომ არცერთი მოსავალი არ დაზიანდეს. თუ ასეთი შეთანხმება არ შედგება და წყლით მომარაგება ზიანს აყენებს კულტურას, შეგიძლიათ მელიორაციის კომპანიას მოსთხოვოთ წყალმომარაგების შეჩერება, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.

მნიშვნელოვანია, რომ საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესრულებას სემეკი მუდმივად აკვირდება. თუ მელიორაციის კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს და თქვენი უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ მარტივად მიმართოთ სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით. ეს პროცესი გამარტივებულია და უზრუნველყოფს, რომ თქვენი ხმა ნამდვილად მიაღწევს გადაწყვეტილების მიმღებამდე.

სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციის მიზანი არის წყლის სამართლიანი და ეფექტური განაწილება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ფერმერს ექნება თანაბარი წვდომა წყალზე და შეეძლება წინასწარ დაგეგმოს მორწყვა. ახალი წესები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად და სტაბილურ განვითარებას და ასევე უზრუნველყოფს მელიორაციის კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების დროულ ანაზღაურებას“.

თქვენი რეკლამა