თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია, მათ შორის: ესპანეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, ინდონეზიიდან, საუდის არაბეთიდან, გვატემალიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სტუმრებს ძველ თბილისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ უმასპინძლეს. სტუმრებს შორისაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს, კულტურას, ისტორიას, დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.