რა ჭირს გერმანულ მარწყვს?

გერმანული, მარწყვის, ფასი

ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანული მარწყვის ფასი დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა. გერმანიის სუპერმარკეტებში მარწყვის ნახევარი იმპორტირებულია. რაშია პრობლემა?

დავიწყოთ იმით, რომ მარწყვი გერმანიაში საყვარელი სეზონური პროდუქტია. სოფლის მეურნეობის ინფორმაციის ფედერალური ცენტრის (BZL) მონაცემებით, 2020-2021 წლებში გერმანელები წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 3.7 კგ ახალ მარწყვს მიირთმევდნენ. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მიზეზი: გერმანული მარწყვის ფასის მნიშვნელოვანი ზრდაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მარწყვის ფასი დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა. 2015 წელს გერმანიიდან ერთი კილოგრამი მარწყვი საშუალოდ 3.94 ევრო ღირდა. 2024 წელს – 6.65 ევრო. ამჟამინდელი ფასები კიდევ უფრო მაღალია.

რატომ ძვირდება გერმანული მარწყვი?

წარმოების ღირებულების 60 პროცენტამდე ხელფასები შეადგენს. სამხრეთ გერმანიის სატაცურისა და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ფასების ზრდა, ძირითადად, მინიმალური ხელფასის ზრდით (8.50 ევროდან 12.82 ევრომდე საათში) და ზოგადად ხელფასების ზრდით იყო განპირობებული.

ხელფასის ხარჯების 50-დან 60 პროცენტამდე ხელით მოსავლის აღებაზე იხარჯება. მინიმალური ხელფასის ზრდამ ფერმების დახურვა ან დამუშავებული ფართობის შემცირება გამოიწვია.

გერმანიიდან მარწყვის შემცირება

ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მარწყვის მოყვანის ფერმების რაოდენობა 24.1 პროცენტით შემცირდა. დამუშავებული ფართობი 28.4 პროცენტით, ხოლო მოსავლის მოცულობა 30.3 პროცენტით.

გერმანულ სუპერმარკეტებში იმპორტირებული მარწყვის (ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან) წილი მუდმივად იზრდება. თუ 2015 წელს გერმანული მარწყვის წილი 68 პროცენტი იყო, დღეს ის დაახლოებით 50%-ია. ირკვევა, რომ გერმანიაში გაყიდული მარწყვის ნახევარი საზღვარგარეთიდანაა მოწოდებული.

მარწყვის წარმოება გაძვირდა

ფერმერები ფასების ზრდის მიზეზებს შორის ასევე მიუთითებენ წარმოების ხარჯების ზრდაზე, კერძოდ, სათბურების შეძენისა და მორწყვის ხარჯებზე. ნერგების (ჩითილი) ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად იზრდება.

კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ სიცხეა, არამედ ექსტრემალური ამინდის მოვლენებიც, როგორიცაა ძლიერი წვიმები და სეტყვა. მარწყვის ღია ცის ქვეშ მოყვანა სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომგებიანი ხდება. მწარმოებლები გადადიან კულტივაციის დაცულ მეთოდზე. სათბურები ხელს უწყობს სეზონზე რამდენიმე მოსავლის აღებას – ოქტომბრამდე.

თუმცა, ასეთი ტექნიკური ინოვაციები მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ამრიგად, ერთი ჰექტარი ღია მწკრივების დამცავი სათბურებით დაფარვა, საშუალოდ 100 ათას ევრომდე ჯდება.

რა არის გერმანიის მარწყვის „ტკივილის ზღვარი“?

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარწყვის ფასები გააგრძელებს ზრდას. ხოლო თუ მინიმალური ხელფასი 14 ან 15 ევრომდე გაიზრდება, ზრდა შესამჩნევი იქნება. რობოტ-კომბაინებს შეუძლიათ დახმარება – ისინი უკვე აქტიურად ტესტირდებიან მეზობელ ნიდერლანდებში.

აგრონომების თქმით, დღეს თითქმის არავინ დათანხმდება ხუთ ევროზე მეტის გადახდას 500 გრამიან შეფუთვაში მარწყვისთვის. სუპერმარკეტები და ბაზრის მოვაჭრეები ერთ შესაძლო გამოსავალს კონტეინერის ზომის შემცირებაში ხედავენ: ფასი იგივე დარჩება, მაღალი, მაგრამ იქნება შესაძლებლობა ნაკლები იყიდონ, ერთდროულად არც ისე ბევრი ფულის დახარჯვით.

მინდვრებში მარწყვს უფრო ხშირად ჭამენ, ვიდრე ყიდულობენ

გერმანელებს თავად უყვართ მარწყვის კრეფა: მიდიხარ ფერმერის ბაღში, კრეფ მას, იხდი იმის საფასურს, რაც დაკრიფე და კრეფის პროცესში შეგიძლია რამდენიმე კენკრის უფასოდ ჭამა. თუმცა, ფერმერებმა შენიშნეს, რომ ხალხი ჩვეულებრივზე მეტ კენკრას მიირთმევს (ალბათ, ზოგადად მარწყვის ფასის ზრდის გამო).

ფერმერების თქმით, ისინი სულ უფრო ხშირად ხედავენ სურათს, სადაც მთელი ოჯახები მოდიან, ბაღში ჭამენ და შემდეგ მხოლოდ მცირე რაოდენობით კენკრას ყიდულობენ. მწარმოებლები აკრიტიკებენ მოსავლის აღების „გასართობ ბუნებას“ და მომხმარებლის მენტალიტეტის ცვლილებას.

უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ბაღში გაცილებით მეტი მარწყვი მიირთმევა, ვიდრე საბოლოოდ იხდიან, პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ხშირად, ადამიანები უბრალოდ ყრიან ან თუნდაც თელავენ მცირე დეფექტების მქონე კენკრას, რაც მიუღებელია.

უფრო და უფრო მეტი კენკრის მწარმოებელი ფერმას შემოაქვს მინიმალური შესყიდვის წესი ან ფიქსირებულ გადასახადი. მაგალითად, ერთ ფერმაში თვითშემკრებმა პირებმა უნდა გადაიხადონ მინიმუმ ხუთი ევრო ერთ ადამიანზე და მხოლოდ 11 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პლანტაციაში უფასოდ შესვლა.

წყარო: dw

თქვენი რეკლამა