საქართველო და FAO მომდევნო ხუთი წლის თანამშრომლობის ახალ პროგრამას იწყებენ

საქართველო, FAO

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, FAO-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული ჩარჩოს მიხედვით გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 2026–2030 წლების ქვეყნის პროგრამულ ჩარჩოს (Country Programming Framework – CPF) მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაძლიერებასა და სოფლის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დოკუმენტს ხელი 25 ივნისს თბილისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს. პროგრამა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების პრიორიტეტებთან და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოსთან.

ახალი პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი და კონკურენტუნარიანი აგროსასურსათო სისტემების განვითარება, სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება, სურსათის უვნებლობისა და კვების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა სოფლის განვითარებაში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

FAO-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკურ ექსპერტიზას, საკონსულტაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს. თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების დანერგვას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი მიდგომების ინტეგრირებას სოფლის მეურნეობაში.

ახალი ხუთწლიანი ჩარჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აგროსექტორის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულად განხორციელდება, მომდევნო წლებში გაიზრდება სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა, გაძლიერდება კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შეიქმნება უფრო მდგრადი პირობები ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

წყარო: FAO

თქვენი რეკლამა