გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის“ ფარგლებში, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის, მებაჟე ოფიცრებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორებისთვის ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგების მიზანი პროფესიონალი კადრების სწავლება და გადამზადებაა, რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.
ტრენინგები ითვალისწინებდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ოზონდამშლელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეროვნული რეგულირება და საკანონმდებლო ბაზა, ალტერნატიული ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის ზომები და მოწყობილობების უსაფრთხო მოპყრობა.
ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
„მემაცივრე ტექნიკოსები სერტიფიცირებას გადიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, შესაძლებლობების გაძლიერება და ამ სექტორში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, იმისათვის, რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათი საქმიანობის სფეროს პოპულარიზაციას“, -განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.
„საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა“ 2009 წლიდან ხორცილედება და ხელს უწყობს მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ კი, ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების/შემცირების განხორციელებას.