მეთხილე ფერმერთა ასოციაციამ „კავკასნათი“ ჯგუფური ბიოსერტიფიკატი მიიღო

ბიოსერტიფიკატი, თხილი

მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათის“ პროდუქცია ჯგუფური ბიოსერტიფიკატის მფლობელი გახდა!

მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათმა“, რომელსაც 2014 წლიდან ჯგუფური ბიოსერტიფიცირების სისტემა აქვს დანერგილი, 2023 წელსაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – ასოციაციის 306 წევრმა ევროკავშირში აღიარებული  ბიოსერტიფიკატი მიიღო.

ასოციაცია „კავკასნათის“ საწარმოო შესაძლებლობები ამ ეტაპზე 1300-მდე ტონა ნაჭუჭიან თხილს შეადგენს, საიდანაც 2023 წელს 563-მდე ტონა ბიოსერტიფიცრებული იქნება.

ასოციაცია დასავლეთ საქართველოს 700-მდე ფერმერთან მუშაობს, რომლებიც თხილის პლანტაციებს ორგანული და Fair Trade სტანდარტების შესაბამისად მართავენ. ასოციაცია „კავკასნათი“ წევრების რაოდენობისა და წარმოების პოტენციალის ყოველწლიურად 20-30%-ით გაზრდას გეგმავს.

ასოციაცია „კავკასნათი“ 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური  ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.

ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:

თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Fair Trade სტანდარტების შესაბამისად;
სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
ბიო და Fair Trade სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.

ასოციაცია „კავკასნათი“ იყენებს ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას, რომლის მეშვეობით ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /ინფორმირებას, მათი მეურნეობების ინსპექტირებას, ხელს უწყობს მათ გარე აუდიტს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.

ბიოსერტიფიკატი, თხილიასოციაცია „კავკასნათის“ ორგანიზაციულ განვითარებასა და სასერტიფიკაციო საქმიანობას მხარს უჭრეს დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტი – „ორგანული თხილის საწარმოო ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში“.

CENN Bulletin

თქვენი რეკლამა