მექსიკა არასოდეს მოიყვანს GMO სიმინდს

სიმინდის, გმო, ბიომრავალფეროვნება

მექსიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრომ (SADER) ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის ვალდებულება შეინარჩუნოს ადგილობრივი სიმინდის ბიომრავალფეროვნება და შეინარჩუნოს აკრძალვა GMO (გმო, გენმოდიფიცირებული) სიმინდის კულტივირებაზე.

ხულიო ბერდეგემ, SADER-ის მინისტრმა, ხაზი გაუსვა მექსიკაში სიმინდის კულტურულ, ისტორიულ და გარემოსდაცვით მნიშვნელობას, წერს Mexico Business News.

„ეს ქვეყანა არ მოიყვანს გმო-ს სიმინდს არავითარი მიზნისთვის, იქნება ეს ადამიანის მოხმარებისთვის, საქონლის საკვებისა თუ სხვა გამოყენებისთვის“, – თქვა ბერდეგემ. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი სიმინდის ჯიშების დაცვა, რომლებიც წარმოადგენს გლობალური გენეტიკური ბიომრავალფეროვნების კრიტიკულ რეზერვუარს, აუცილებელია კლიმატის ცვლილების პრობლემების გადასაწყვეტად და მდგრადი სოფლის მეურნეობის უზრუნველსაყოფად.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მექსიკის ცივილიზაციის საწყისები მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმინდთან, რომელიც უძველესი დროიდან იყო მთავარი კულტურა. მან ხაზი გაუსვა ფერმერების როლს, რომლებიც ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას – თესლის შერჩევისა და ჰიბრიდიზაციის ტრადიციული მეთოდებით და განაგრძობენ ადგილობრივი სიმინდის ახალი ჯიშების წარმოებას.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის მიუხედავად, ბერდეგე ირწმუნება, რომ მექსიკას საკმარისი აქვს არაგენმოდიფიცირებული სიმინდი.

მინისტრმა ასევე მიუთითა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებზე, რომელიც ჩატარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის INEGI-ს მიერ, იგი აჩვენებს, რომ მცირე მწარმოებლები 1-5 ჰექტარი მიწის ნაკვეთებით აწარმოებენ მექსიკის სიმინდის 81,8%-ს. ეს ხაზს უსვამს მცირე ფერმერების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტში.

იხილეთ აგრეთვე: სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიური აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა