ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება – იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა.
ქართული ქვევრი, როგორც ღვინის ძეგლი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, მერანოს ცენტრში დაიდგა. მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის ფესტივალის – მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებას მერანოს მერი დარიო დალ მედიკო, ფესტივალის დამაარსებელი ჰელმუდ კიოხერი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი დაესწრნენ.
„ქალაქ მერანოში დაიდგა ქვევრი, როგორც მონუმენტი, რომელზეც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა. ამ მნიშვნელობის ფესტივალზე მსგავსი აქცენტი ქართულ ღვინოზე ძალიან დასაფასებელია, ვინაიდან მერანოს ღვინის ფესტივალი უკვე 30 წელია ტარდება და ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია“, – განცხადა ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.
„ღვინის სამშობლოდ ქარული ღვინის პოზიციონირება ჩვენი ღვინის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა. ის, რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით, ახლა გამყარებულია მეცნიერული კვლევებით, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდება ღვინის წარმოება. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღესაც ღირსეულ ადგილს ვიკავებთ მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდებით. ჩვენი აღიარება მერანოს ფესტივალზე ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ გვჭირდება ამ მოცემულობის მუდმივი და საინტერესო პოზიციონირება. ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის უნიკალური სინთეზი სწორად უნდა წარვადგინოთ მსოფლიო ღვინის ბაზრებზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.