ქართული ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციის ჯიშების კონსერვაცია, დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება სახელმწიფო პრიორიტეტია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღნიშნული მიმართულებით უკვე 4 წლიანი საქმიანობა.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორის, სოფიკო ახობაძის თქმით, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელება, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად 300 ჰა მიწის ფართობზე დიკისა და ახალციხის წითელი დოლის ჯიშის ხორბალი ითესება.
„პროექტის ფარგლებში, შევარჩიეთ საზღვრისპირა ზოლი. იძულებით გადაადგილებულ პირებზე ვართ ფოკუსირებული, იმ ფერმერებზე, რომლებიც იქ დარჩნენ და ძალიან მძიმე, საფრთხის პირობებში უწევთ მუშაობა. დიკასა და ახალციხის წითელი დოლის ჯიშის სახეობები ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე 300 ჰა მიწის ფართობზე ითესება. მოვაწყვეთ 2 სათესლე მეურნეობა, სადაც გამოგვყავს უკვე სერტიფიცირებული თესლი. გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ ფერმერმა გარანტირებულად სუფთა ხარისხის სათესლე მასალა იყიდოს და დათესოს. გარდა ამისა, ფერმერებს, რომელთაც არა აქვთ სათესლე მეურნეობა და უნდათ წარმოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, თესლის სერტიფიცირების პროცესში ვეხმარებით“, – განაცხადა სოფიკო ახობაძემ.
როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აქტიურად მუშაობს ქართული ხორბლისგან პურის მწარმოებელ კომპანიებთანაც. ქართლის რეგიონში მუშაობს მიწოდების ჯაჭვი, რომელშიც ჩართული არიან ფერმერები და, შედეგად, უკვე შესაძლებელია ქართული ხორბლის რეგულარული შეგროვება და მიწოდება ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული მეურნეობებისთვის გადაცემის მიზნით კიდევ ერთი პროექტი „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ დაიწყო.
პროექტი განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საერთო კოორდინაციით – კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ადმინისტრაციასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტი გულისხმობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობას, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფას და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობას.