
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის colangelo partners ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე foodandwine classic in aspen გაიმართა.
რიგით 42-ე ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის 20 სახეობის ქართული ღვინო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo Partners თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.