ევროპის სოფლის მეურნეობა 2026 წელს სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა სხვადასხვა სექტორში ტენდენციები მკვეთრად განსხვავდება.
ევროკომისიის ზაფხულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად კლიმატური რისკების, ენერგორესურსების მაღალი ფასებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაურკვევლობისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დარგი ზრდას განაგრძობს, ხოლო ზოგიერთ სექტორს წარმოების შემცირება ელის.
მიმოხილვის თანახმად, ზეთოვანი კულტურების წარმოება გაიზრდება. განსაკუთრებით გაუმჯობესდება რაფსისა და მზესუმზირის მოსავლის მაჩვენებლები, რაც მცენარეული ზეთებისა და ცხოველთა საკვების წარმოებასაც შეუწყობს ხელს. ზრდის მოლოდინია რძის სექტორშიც, სადაც მოთხოვნა რჩება მაღალი, ხოლო წარმოება ეტაპობრივად იზრდება. პოზიტიური პროგნოზი აქვს ფრინველის ხორცის წარმოებასაც, რადგან ეს პროდუქტი მომხმარებლებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი რჩება და მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ასევე მოსალოდნელია ღორის ხორცის სექტორის ზომიერი გაძლიერება.
მეორე მხრივ, ევროკომისია ვარაუდობს, რომ მარცვლეულის წარმოება შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებლის სიახლოვეს დარჩება, გასული სეზონის მაღალი შედეგების გამეორება ვერ მოხერხდება. ამაზე გავლენას ახდენს არაერთგვაროვანი ამინდი, რეგიონული გვალვები და გაზრდილი წარმოების ხარჯები.
წარმოების კლებას ელიან ასევე შაქრის, ზეითუნის ზეთის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სექტორებში. შაქრის შემთხვევაში შემცირება დაკავშირებულია შაქრის ჭარხლის ნათესი ფართობების კლებასთან, ხოლო ზეითუნის ზეთის სექტორში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გახშირებული სიცხე და გვალვა. მსხვილფეხა პირუტყვის წარმოებაზე კი გავლენას ახდენს მაღალი დანახარჯები და ნახირის შემცირების ტენდენცია.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის მთავარი გამოწვევები კვლავ კლიმატის ცვლილება, ენერგიისა და სასუქების ღირებულება, ცხოველთა დაავადებები და საერთაშორისო სავაჭრო გარემოა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აგროსასურსათო სექტორი მთლიანობაში მდგრადობას ინარჩუნებს და ბაზრის მნიშვნელოვანი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.
ამ პროგნოზიდან ჩანს, რომ ევროპული სოფლის მეურნეობა თანდათან იმ დარგებისკენ გადაადგილდება, რომლებიც უკეთ ეგუება კლიმატის ცვლილებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მომხმარებელთა მოთხოვნის ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ზეთოვანი კულტურები, რძის პროდუქტები და ფრინველის სექტორი უახლოეს წლებში ევროკავშირის აგრარული განვითარების მთავარ მიმართულებებს შორის დარჩება.
წყარო: European Commission

