2026 წელს, საფრანგეთის ალპებში ექსტრემალურმა სიცხემ და პერმაფროსტის (მრავალწლოვანი მზრალობა) დეგრადაციამ მთის ფერდობების არასტაბილურობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შედეგადაც მხოლოდ მონბლანის მასივში წლის დასაწყისიდან 450 ქვათაცვენა და კლდის ჩამოშლა დაფიქსირდა.
თუ ადრე ზაფხული ალპინიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო სეზონად მიიჩნეოდა, ბოლო წლებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2026 წელს მონბლანის მასივში დაფიქსირებული 450 ქვათაცვენა უკვე აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 2022 წელს 300 შემთხვევას შეადგენდა.
საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) გეომორფოლოგის, ლუდოვიკ რავანელის განცხადებით, ალპებში ტემპერატურა ხშირად 30-35°C-ს აღემატებოდა, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა როგორც მყინვარებზე, ისე პერმაფროსტზე.
მისი განმარტებით, კლიმატის ცვლილებასა და კლდოვანი ფერდობების დესტაბილიზაციას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ისტორიული ფოტომასალების ანალიზმა აჩვენა, რომ კლდის ჩამოშლისა და ფერდობების დაზიანების ნიშნების 80-85% ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რაც დათბობის პროცესის დაჩქარებას ემთხვევა.
ექსპერტების შეფასებით, საფრთხეს მხოლოდ პერმაფროსტის დნობა არ ქმნის. მნიშვნელოვანი ფაქტორია მყინვარების უკანდახევაც. მყინვარები მთის ფერდობებზე ბუნებრივ დამჭერ ძალას წარმოადგენენ, ხოლო მათი შემცირებისას კლდოვანი მასები მეტ თავისუფლებას იღებენ და ჩამოშლის რისკი იზრდება.
2026 წლის ზაფხულში ამ პროცესებს უკვე მოჰყვა ადამიანური მსხვერპლიც. ივლისში მონბლანის რეგიონში კლდის ჩამოშლას ორი ჩეხი ტურისტი ემსხვერპლა, აგვისტოში კი ანალოგიურ შემთხვევას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა.
მიუხედავად მზარდი საფრთხისა, ადგილობრივი ხელისუფლება და სპეციალისტები ამ ეტაპზე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილების შეზღუდვას არ გეგმავენ. თუმცა ალპინისტებსა და ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან კლდის ჩამოშლისა და ქვათაცვენის შემთხვევები უახლოეს თვეებშიც შეიძლება გახშირდეს.
ექსპერტების შეფასებით, 2026 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ცვლის კლიმატის დათბობა მაღალმთიან ეკოსისტემებს და რამდენად იზრდება ბუნებრივი საფრთხეები ევროპის მთიან რეგიონებში.
წყარო: Euronews

