ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი სლოგანით „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართა.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 70-მდე მეღვინეობამ მიიღო. ფესტივალში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა. კონკურსში, 70 მეღვინეს შორის ბოლნისიდან დიდი ოქრო – „შალოს მარანმა“ და „მუხიგულის ღვინომ“ მოიპოვეს.
ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინის სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.
ღონისძიების სტუმრების განწყობაზე ბოლნისის ახალგაზრდულმა ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33 ა-ს კონცერტით დაიხურა.
ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, ფესტივალის მხარდამჭერები კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.