ალოობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

ალოობა

ალოობა 2025 შეუფერხებლად მიმდინარეობს – 11 ივლისის ოპერატიული მონაცემებით, ხორბალი უკვე აღებულია  15 323 ჰექტრამდე ფართობზე, ხოლო ქერი –  25 554  ჰექტარზე.

ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ჯამში შეისყიდეს 1 364 ტონა ხორბალი, რომლის ჩაბარების საშუალო ფასი 0.70 ლარამდეა.

ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი სახელმწიფოს მხარდაჭერითაა  შეძენილი.

ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო შტაბი.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებში იყო. საერთაშორისო ტენდენციების ფონზე, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2.6 ტონას ჰექტარზე, ხოლო 2024 წელს გაიზარდა 3 ტონამდე.

ნათესი ფართობი ასევე სტაბილურია და 50-55 ათასი ჰექტრის ფარგლებში მერყეობს. ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

„ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილი გვაქვს  საორგანიზაციო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხორბლის მოსავლის აღების და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან ოპერატიული კომუნიკაცია უზრუნველყოფილია ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ.

რაც შეეხება ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს – მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისათვის, ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია  15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია  მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. 

მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება, ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, და შესაბამის პირობებში განთავსება/დაბინავება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და 2,5 და 3 ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 5 ტონამდეა. წარმოებაც სტაბილურია და, ვფიქრობთ, იმ მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოსგან ფერმერებს აქვთ და გულისხმობს, როგორც  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ისე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ტენდენციაც გვექნება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი 200 000 ტონამდეა.

თქვენი რეკლამა