არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21,700 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაცია სააკორდინაციო შტაბში მოისმინეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 21,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერებმა დაახლოებით 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა.
მინისტრის მოადგილე პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის, შპს „ბიოჯუსის“ საწარმო დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა.