127 დასახელების სათამაშო შეამოწმდა

სათამაშო

მიმდინარე წელს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 127 დასახელების სათამაშო შეამოწმა.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე, 33 ეკონომიკური ოპერატორის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 127 დასახელების სათამაშო შემოწმდა, რომელთაგან 121 სათამაშო გაგზავნილ იქნა შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში სათამაშოების სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით შემოწმების მიზნით.

სათამაშოები შემოწმება ხდება როგორც მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლების, ასევე ქიმიური შემადგნელობის გათვალისწინებით. კერძოდ, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებს არ უნდა სძრვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, რაც წარმოქმნის ბავშვის დახრჩობის საფრთხეს.

გარკვეული ქიმიური ელემენტების მიგრაცია არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით განსაზღვრულ ზღვარს, რათა არ გამოიწვიოს ბავშვის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, რეპროდუქციული სისტემის მოწამვლა.

შემოწმებული სათამაშოებიდან უმრავლესობამ ვერ დააკმაყოფილა EN 71-1 დაEN 71-3 სტანდარტების მოთოხვნები. მაგალითად, საჩხაკუნო და სააბაზანოს სათამაშოებს, ასევე სათამაშო თოფებს სასროლი ტყვიებით, სძვრებოდა მცირე ზომის ნაწილები. ტყლარწებში ბორის მიგრაცია, რომელიც კარცეროგენული ნივთიერებაა, აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ლაბორატორიული შედეგებიდან გამომდინარე, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ გამოსცა დადგენილება 53 დასახელების სათამაშოს ბაზრიდან ამოღების, ხოლო 10 სათამაშოს ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. ამასთან, დოკუმენტური შეუსაბამობებიდან გამომდინარე, 3 სათამაშოზე ეკონომიკურ ოპერატორებს შეუჩერდა რეალიზაცია.

დეტალურად, თითოეულ სათამაშოზე შეუსაბამობების ნახვა შესაძლებელია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებ-გვერდზე, საფრთხის შემცველი პროდუქტების ველში.

თქვენი რეკლამა