ევროკავშირში დაიწყო კვამლის არომატიზატორების ეტაპობრივი ამოღება ბაზრიდან.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (EFSA) რამდენიმე კვამლის არომატიზატორის უსაფრთხოების შეფასებისას გენოტოქსიკურობის შესაძლო რისკები სრულად ვერ გამორიცხა. შედეგად, ევროკომისიამ ამ ნივთიერებების ავტორიზაციის განახლებაზე უარი განაცხადა.
საუბარია იმ არომატიზატორებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა საკვებში შებოლილი გემოსა და არომატის მისაღებად, რეალური შებოლვის პროცესის გარეშე. ასეთი ინგრედიენტები ფართოდ გვხვდებოდა სოუსებში, სუპებში, სნექებში, სანელებლებში და სხვა გადამუშავებულ პროდუქტებში.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რვა კვამლის არომატიზატორის ავტორიზაცია აღარ განახლდება, ხოლო ორი პროდუქტის შემთხვევაში განახლების მოთხოვნა საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი. შესაბამისად, ევროკავშირის ავტორიზებული კვამლის არომატიზატორების სია პრაქტიკულად სრულად უქმდება.
ცვლილება ერთბაშად არ განხორციელდება. ევროკავშირმა სხვადასხვა პროდუქტის კატეგორიისთვის გარდამავალი პერიოდები დააწესა. სოუსების, სნექების, სუპებისა და სხვა მრავალი გადამუშავებული პროდუქტის შემთხვევაში კვამლის არომატიზატორების გამოყენება 2026 წლის 1 ივლისამდე იყო დაშვებული, ხოლო ტრადიციულად შებოლილ კატეგორიებში, მათ შორის ხორცპროდუქტებში, თევზსა და ყველში, გარდამავალი პერიოდი 2029 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება არ ეხება ტრადიციულ შებოლვას. თუ პროდუქტი რეალური კვამლის გამოყენებით მზადდება, მისი წარმოება და რეალიზაცია კვლავ ნებადართული იქნება. აკრძალვა მხოლოდ იმ არომატიზატორებს ეხება, რომლებიც შებოლილი გემოს ხელოვნურად შექმნისთვის გამოიყენებოდა.
ექსპერტების შეფასებით, ახალი რეგულაცია სურსათის მრეწველობას რეცეპტურების გადახედვასა და ალტერნატიული ტექნოლოგიების დანერგვას აიძულებს. მომდევნო წლებში ევროპის ბაზარზე სულ უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება, რომელიც შებოლილი გემოს მისაღებად სხვა მეთოდებს გამოიყენებს.
წყარო: European Commission

