მოლდოვას კაკლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე კლების ტენდენციას აგრძელებს. 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ევროკავშირში 1 700 ტონა კაკლის გული გაიტანა, რის შედეგადაც მისი წილი ევროპულ ბაზარზე 2.2%-მდე შემცირდა.
წინა წელს, 2025 წელს, მოლდოვადან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული კაკლის მოცულობამ 3 690 ტონა შეადგინა, რაც ევროკავშირის კაკლის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2.5%-ს შეესაბამება. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სურათი მკვეთრად განსხვავდებოდა რამდენიმე წლის წინ. 2015–2019 წლებში მოლდოვა ევროკავშირის კაკლის ბაზრის 11–15.3%-ს აკონტროლებდა, ხოლო ექსპორტი ყოველწლიურად 9–10 ათას ტონას აღწევდა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი მომწოდებლის პოზიცია დაიმკვიდრა.
სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე მოლდოვამ ევროკავშირში საერთო ჯამში 76 630 ტონა კაკლის გული გაიტანა. ამ პერიოდში მისი საშუალო საბაზრო წილი 6.8% იყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირი კაკლის იმპორტის წყაროებს აქტიურად დივერსიფიცირებს. შედეგად, ტრადიციული მომწოდებლები, მათ შორის მოლდოვა, უკრაინა და ჩილე, თანდათან კარგავენ პოზიციებს, მაშინ როდესაც ჩინეთი კონკურენტულ უპირატესობას დიდი მოცულობებისა და შედარებით დაბალი ფასების წყალობით აძლიერებს. ამასთან, აშშ ევროპულ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ახალ სავაჭრო მექანიზმებს იყენებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე კონკურენციის ზრდა მოლდოვის კაკლის სექტორს დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს. მომავალ წლებში ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პროდუქციის ხარისხზე, სტაბილურ მიწოდებასა და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებაზე.
წყარო: Mundus Agri
კაკლის მყნობის მეთოდები და თანმიმდევრობა

