UFOP მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს სოიას კლასიფიკაციისადმი მიდგომას, წარმოებასთან დაკავშირებული რისკების გამო.
ზეთოვანი და ცილოვანი კულტურების პოპულარიზაციის გერმანული ასოციაცია (UFOP) ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, სოია მაღალი iLUC-რისკის (მიწათსარგებლობის არაპირდაპირი ცვლილების) მქონე კულტურად არ დააკლასიფიცირონ. ორგანიზაციამ შესაბამისი მიმართვა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრებსა და ევროპარლამენტს გაუგზავნა და ევროკომისიის ინიციატივის გადახედვა მოითხოვა.
UFOP-ის შეფასებით, iLUC-ის რისკის შეფასება უფრო დაბალანსებულ და მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომას საჭიროებს. ასოციაცია აღნიშნავს, რომ ფერმერების მიერ კულტურების შერჩევასა და მათი წარმოების მოცულობაზე გავლენას მხოლოდ მიწათსარგებლობა არ ახდენს — გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაზრის კონიუნქტურას, ფასებსა და მოთხოვნას.
ორგანიზაციის განმარტებით, რაფსის წარმოებაზე ძირითადად მცენარეული ზეთის ბაზარი ახდენს გავლენას, მაშინ როდესაც სოიას წარმოების მთავარი მამოძრავებელი მისი მაღალი ცილის შემცველობაა. სწორედ ამიტომ, სოია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მეცხოველეობის საკვები ბაზის, ისე ცილოვანი ნედლეულის უზრუნველყოფაში.
UFOP ასევე აღნიშნავს, რომ სოიოს ზეთი ევროკავშირში ფართოდ გამოიყენება ბიოსაწვავის წარმოებაში და გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის მიზნების შესრულების სისტემაში. ორგანიზაციის შეფასებით, სოიასთვის მაღალი iLUC-რისკის სტატუსის მინიჭებამ შესაძლოა ბიოსაწვავის სექტორს დამატებითი შეზღუდვები შეუქმნას და ევროკავშირის ენერგეტიკული მიზნების მიღწევა გაართულოს.
ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ სოია, ბარდა და ლობიო ევროკავშირის მთავარი ცილოვანი კულტურებია. ისინი ხელს უწყობენ ნათესების დივერსიფიკაციას, ამცირებენ იმპორტირებულ ცილოვან ნედლეულზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან (გმო) თავისუფალი საკვები ცილის წარმოებაში.
UFOP-ის შეფასებით, ევროკავშირში სოიას წარმოების გაფართოება სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც სურსათის, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სტაბილური მოთხოვნა ენერგეტიკის სექტორის მხრიდან ხელს შეუწყობს ფერმერების ინტერესის ზრდას, გაზრდის სოიოს წარმოებას და გააძლიერებს ამ კულტურის როლს ევროპის სოფლის მეურნეობაში.
რა არის iLUC?
iLUC (Indirect Land Use Change) ნიშნავს მიწათსარგებლობის არაპირდაპირ ცვლილებას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიოსაწვავისთვის ნედლეულის წარმოების გაფართოების გამო სასოფლო-სამეურნეო მიწები სხვა დანიშნულებით გამოიყენება, რის გამოც ახალი ფართობების ათვისება ხდება. ევროკავშირი ამ მექანიზმს ბიოსაწვავის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყენებს.
წყარო: ofimagazine
სოიას გადამუშავების მსოფლიო მოცულობა პირველად გადააჭარბებს 100 მილიონ ტონას

