ისრაელი 2026 წლის სეზონზე ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელოდება. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროს პროგნოზით, მოსავალი 140 000 ტონას მიაღწევს, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
ეს შედეგი წინა რეკორდს – 126 000 ტონას – გადააჭარბებს და მრავალწლიან საშუალო მაჩვენებელს თითქმის 55%-ით აღემატება.
რეკორდული მოსავლის მთავარი მიზეზი სეზონის განმავლობაში ნალექების ხელსაყრელი განაწილებაა. შემოდგომიდან გაზაფხულამდე ნალექი თანაბრად და კულტურების განვითარებისათვის ოპტიმალურ პერიოდში მოვიდა, რამაც ხორბლის ნათესებს იდეალური პირობები შეუქმნა.
განსაკუთრებით წარმატებული სეზონი ჰქონდა ნეგევის რეგიონს, სადაც ქვეყნის ხორბლის ნათესების დაახლოებით 70% არის კონცენტრირებული. აქ სეზონის განმავლობაში დაახლოებით 450 მმ ნალექი დაფიქსირდა, რამაც მცენარეების ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებას, მაღალი მოსავლიანობის მიღწევასა და ხარისხიანი მარცვლის ფორმირებას შეუწყო ხელი.
სამინისტროს შეფასებით, წლევანდელი მოსავალი მხოლოდ რაოდენობით არ გამოირჩევა. სპეციალისტების თქმით, მარცვლეულის ხარისხიც ძალიან მაღალია, რაც საშუალებას იძლევა მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სტრატეგიული სასურსათო მარაგების შესავსებად გამოიყენონ. ჩვეულებრივ წლებში კი მოსავლის ნაწილი მხოლოდ საკვებ დანიშნულებას იღებს.
ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დირექტორატის ხელმძღვანელის, იუვალ ლიპკინის განცხადებით, ხორბალი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა. მისი თქმით, რეკორდული მოსავალი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვები კვლავ არასტაბილურია და გლობალური რისკები იზრდება.
ექსპერტები კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორსაც გამოყოფენ. ისრაელის ცხელი და მშრალი ზაფხული მარცვლეულის ბუნებრივად გაშრობის შესაძლებლობას იძლევა, რაც დამატებით დანახარჯებს ამცირებს, მოსავლის ხარისხს აუმჯობესებს და ხორბლის ხანგრძლივი შენახვისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. შედეგად, ქვეყანა უკეთ არის მზად სასურსათო მიწოდების შესაძლო შეფერხებებისა და კრიზისული სიტუაციების სამართავად.
წყარო: All Israel News

