მსოფლიოში სულ უფრო მეტი ფერმერი იხრება მემკვიდრეობითი (Heirloom) თესლებისკენ. ტრადიციული და ადგილობრივი ჯიშების აღორძინება, საინტერესოა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების არამედ კომერციული თვალსაზრისითაც.
თუ წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი მაღალმოსავლიან ჰიბრიდებზე კეთდებოდა, დღეს ყურადღების ცენტრში გენეტიკური მრავალფეროვნება, კლიმატისადმი გამძლეობა და ადგილობრივ პირობებთან უკეთ შეგუებული კულტურები ექცევა.
სპეციალისტების შეფასებით, ეს ტენდენცია თანამედროვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება.
მემკვიდრეობითი თესლების მიმართ მზარდი ინტერესი პირდაპირ უკავშირდება ფერმერების სურვილს, გაზარდონ მეურნეობის მდგრადობა და შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება. კლიმატის ცვლილების, ექსტრემალური ამინდისა და დაავადებების გავრცელების ფონზე სულ უფრო მეტი მწარმოებელი აცნობიერებს, რომ გენეტიკური მრავალფეროვნება მომავლის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
მემკვიდრეობითი ჯიშები ხშირად ათწლეულების, ზოგჯერ კი საუკუნეების განმავლობაში კონკრეტულ რეგიონში ვითარდებოდა და ადგილობრივ გარემოს ბუნებრივად შეეგუა. სწორედ ამიტომ ისინი მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსია, რომელიც მომავალში ახალი, უფრო გამძლე ჯიშების შექმნასაც შეიძლება დაეხმაროს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ბიომრავალფეროვნება მხოლოდ ბუნების დაცვის საკითხი არ არის. რაც უფრო მრავალფეროვანია კულტურები, მით უფრო მდგრადია სოფლის მეურნეობა დაავადებების, მავნებლებისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ. ამიტომ ძველი ჯიშების შენარჩუნება უკვე არა მხოლოდ ტრადიციის, არამედ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილადაც განიხილება.
ფერმერების ინტერესს კიდევ ერთი გარემოება განაპირობებს. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ განსხვავებული გემოს, ფერისა და ისტორიის მქონე პროდუქტებს, რის გამოც მემკვიდრეობითი ჯიშები ადგილობრივ ბაზრებსა და ფერმერულ მეურნეობებში დამატებით ღირებულებას იძენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეურნეობებისთვის, რომლებიც უნიკალური პროდუქციით კონკურენციის გაზრდას ცდილობენ.
ექსპერტების შეფასებით, მომავლის სოფლის მეურნეობა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით არ განვითარდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება იმ გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, რომლებიც წარსულიდან შემოგვრჩა და შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ მომავალი გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გასაღები.
წყარო: HortiDaily

