იტალიაში შაქრის ჭარხლის საშემოდგომო თესვის პერსპექტივებს სწავლობენ

იტალია, შაქრის, ჭარხლი

იტალიელი მეცნიერები შაქრის ჭარხლის წარმოების ახალ მოდელს იკვლევენ, რომელიც კლიმატის ცვლილების პირობებში კულტურის პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და გაზრდას ისახავს მიზნად. კვლევის მთავარი მიმართულება შაქრის ჭარხლის საშემოდგომო თესვის შესაძლებლობის შეფასებაა.

ბოლო წლებში იტალიისა და მთლიანად ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ფერმერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ზაფხულის გვალვებს, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივ პერიოდებსა და დაავადებების გავრცელებას. განსაკუთრებით პრობლემურია ცერკოსპოროზი, რომელიც შაქრის ჭარხლის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო დაავადებად მიიჩნევა და მოსავლიანობის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლეგნაროს რეგიონში (პადუა), ორი წლის განმავლობაში საველე კვლევები ჩატარდა. ექსპერიმენტში შაქრის ჭარხლის ცხრა სხვადასხვა ჯიში მონაწილეობდა, ხოლო თესვა სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე სხვადასხვა პერიოდში ხორციელდებოდა, რათა დადგენილიყო, როგორ მოქმედებს თესვის დრო მცენარის განვითარებასა და მოსავლიანობაზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზამთრის წარმატებით გადატანის მთავარი ფაქტორი მცენარის განვითარების დონეა ცივი პერიოდის დაწყებამდე. საუკეთესო შედეგები სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში დათესილმა მცენარეებმა აჩვენეს, ხოლო ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულმა თესვამ ზოგიერთ შემთხვევაში მცენარეთა 80%-მდე დანაკარგი გამოიწვია.

ამასთან, ზედმეტად ადრეულმა თესვამ სხვა პრობლემა წარმოშვა — გაიზარდა ნაადრევი აყვავებისა და განვითარების დარღვევის რისკი, რაც საბოლოოდ მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხზე აისახა.

მეცნიერების შეფასებით, ყველაზე ოპტიმალური შედეგები ოქტომბრის ბოლოს დათესვის შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ პერიოდში მცენარეებმა შეძლეს საკმარისი განვითარება ზამთრის დადგომამდე და ამავე დროს თავიდან აიცილეს ადრეული განვითარების რისკები.

ცალკეულმა ჰიბრიდებმა გვიან შემოდგომაზე თესვისას 81-84 ტონა/ჰექტარზე ძირხვენების მოსავლიანობა აჩვენეს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შაქრის შემცველობა სეზონის კლიმატურ პირობებზე იყო დამოკიდებული, თუმცა მშრალ წლებში ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში საშემოდგომო თესვა შაქრის ჭარხლის წარმოებისთვის პერსპექტიულ მიმართულებად შეიძლება იქცეს. თუმცა ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები, მათ შორის მისი შედარება ტრადიციულ საგაზაფხულო თესვასთან.

თუ კვლევების შედეგები დადასტურდება, იტალიელმა ფერმერებმა შესაძლოა შაქრის ჭარხლის წარმოების ახალი მოდელი მიიღონ, რომელიც ზაფხულის სიცხისა და გვალვის გავლენას შეამცირებს და მოსავლის სტაბილურობას გაზრდის.

შაქრის ჭარხლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა