სომხეთი ირანთან და საქართველოსთან ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს აშენებს

ელექტროგადამცემი, საქართველო ირანი, სომხეთი

400 კილოვოლტიანი ირან-სომხეთის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის პირველი ფაზა შესაძლოა 2026 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს. ეს მოიცავს ირანის საზღვრიდან ნორავანის ქვესადგურამდე პირველი წრედის ექსპლუატაციაში გაშვებას, რომელიც ამჟამად  მშენებარეა სისიანის რეგიონში.

ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „მაღალი ძაბვის ელექტროქსელების“ პრესსამსახურმა განაცხადა, იუწყება „სპუტნიკ არმენია“.

ამ ეტაპზე დაგეგმილია პირველი წრედის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც ირანის საზღვრიდან ნორავანის ქვესადგურამდე გავა. ზოგიერთი სამუშაო მომავალ წლამდე გადაიდო, რადგან მშენებლობა მაღალმთიან რაიონებში მიმდინარეობს, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ან ნოემბრის დასაწყისიდან გაუვალი ხდება.

ნაწილობრივი მიერთების შემდეგ, მშენებლობა პროექტის დასრულებამდე გაგრძელდება. ხაზი ორი წრედისგან შედგება და სევანის მახლობლად მდებარე დმმაშენამდე გაგრძელდება, სადაც დამატებითი ქვესადგურის აშენებაც იგეგმება.

„შედეგად, ირანსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრე ამჟამინდელი 330-დან 1000 მეგავატზე მეტამდე გაიზრდება. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ხაზი სრულად აშენდება (ორი წრედით) და დმმაშენის ქვესადგურს დაუკავშირდება. ნაწილობრივი დასრულების შემდეგ (ერთი წრე ნორავანის ქვესადგურამდე), გადაცემის სიმძლავრე დაახლოებით 500 მეგავატი იქნება“, – იტყობინება მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების სსსკ.

დმმაშენის ქვესადგური ასევე სომხეთ-საქართველოს დაგეგმილი ელექტროგადამცემი ხაზის ნაწილი იქნება. აქიდან, 400 კილოვოლტიანი ხაზი საქართველოს საზღვრამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთზე მშენებლობა მალე დაიწყება.

პროექტი სამ კომპონენტად იყოფა: დმაშენის ქვესადგური, საზღვარზე მდებარე აირუმში გადამყვანი სადგური და მათ შორის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. გადამყვანი სადგური აშენდება სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად, რომლებიც სხვადასხვა სიხშირეზე მუშაობენ და ამჟამად წყვეტილად არიან დაკავშირებული, და სიმძლავრის ნაკადის მოცულობის გასაზრდელად.

დმაშენისა და აირუმის ქვესადგურების მშენებლობის ტენდერები ნოემბრამდე გაგრძელდა. თავად გადამცემი ხაზის ტენდერი აგვისტოში ჩატარდა და გამარჯვებულად ინდური კომპანია KEC International Limited შეირჩა.

მომდევნო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში, კომპანია დაახლოებით 109 კილომეტრის სიგრძის 400 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის აშენებას გეგმავს.

სომხეთს ამჟამად 400 კვ-იანი ხაზები არ გააჩნია. ირანის მიმართულებით ორი 220 კვ-იანი ხაზი ფუნქციონირებს, ხოლო საქართველოს მიმართულებით ერთი 220 კვ-იანი ხაზი და ორი 110 კვ-იანი ხაზი.

ირან-სომხეთის ხაზი ირანული სესხით შენდება (კონტრაქტორი სირიული კომპანიაა), ხოლო საქართველოსკენ მიმავალ ხაზს გერმანული ბანკი KfW აფინანსებს. ეს პროექტები სომხეთს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი და ტრანზიტის მოცულობა.

თქვენი რეკლამა