გვალვა თურქეთში ხორბლის და ქერის მოსავალს შეამცირებს

ქერი, ხორბალი, თურქეთი

გვალვის გამო, თურქეთში ხორბლისა და ქერის მოსავლის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ქვეყანას აიძულებს გაზარდოს იმპორტი შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ნათქვამია USDA- FAS-ის (Foreign Agricultural Service) ანგარიშში.

თავის უახლეს შეფასებაში, FAS პროგნოზირებს ხორბლის წარმოების 15%-ით შემცირებას წლიურად 16.3 მილიონ ტონამდე. ხორბლის ნათესების მცირედი გაფართოება ვერ შეძლებს მოსავლიანობის შემცირების კომპენსირებას.

„წარმოება შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს გვალვის მასშტაბის მიხედვით. ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ხორბლის მწარმოებელ ძირითად რეგიონებში ნალექების დეფიციტი, უჩვეულოდ თბილი ზამთარი და მოულოდნელი გაზაფხულის ყინვები დაფიქსირდა. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ,  ურწყავ ნაკვეთებში მოსავლიანობის 15-30%-ით შემცირებას გამოიწვევს გასულ წელთან შედარებით“, – აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.

წარმოების მოსალოდნელი შემცირების კომპენსაციის მიზნით, FAS-მა ხორბლის იმპორტის პროგნოზი 2025/26 საბაზრო წელს 10.3 მილიონ ტონამდე გაზარდა, რაც გასული წლის 3.2 მილიონ ტონას სამჯერ აღემატება. თუ ეს პროგნოზი შესრულდება, ეს იქნება ყველაზე დიდი იმპორტის მოცულობა 2019/20 წლების სეზონის შემდეგ.

ქერის პროგნოზი კიდევ უფრო საგანგაშოა, რადგან მოსავალი მხოლოდ 5.1 მილიონი ტონაა მოსალოდნელი, რაც გასულ წელთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.

„ხორბალთან შედარებით, ქერი უფრო მგრძნობიარეა გვალვის მიმართ, რადგან ის თითქმის მთლიანად მოჰყავთ მორწყვის გარეშე“, – განმარტა USDA FAS-მა.

შედეგად, თურქეთი, სავარაუდოდ, 1.6 მილიონი ტონა ქერის იმპორტს განახორციელებს, რაც 2024-25 წლებში მხოლოდ 150,000 ტონასთან შედარებით გაცილებით მეტია. ეს ყველაზე დიდი რაოდენობა იქნება 2021-22 წლებში 2.8 მილიონი ტონა იმპორტის შემდეგ.

თქვენი რეკლამა