კოოპერაციის როლი ბრიტანეთის ეკონომიკაში-დაბრუნება კოოპერაციაში

მსოფლიოში ქვეყნდება უამრავი ფაქტობრივი მასალა, რომელიც აჩვენებს კოოპერაციის სიკეთეს და მის უპირატესობებს სამეწარმეო საქმიანობის სხვა ფორმებთან შედარებით. ამ მხრივ ძალზე საინტერესოდ გვეჩვენება კოოპერაციის სამშობლოში, ინგლისში არსებული ვითარება.

ინგლისის კოოპერატივთა უმსხვილესმა გაერთიანებამ გამოსცა ბროშურა “გაერთიანებული სამეფოს კოოპერაციული ეკონომიკა–ბრიტანეთის დაბრუნება კოოპერაციაში”.

გთავაზობთ ამ ბროშურის მოკლე მიმოხილვას

ავტორების აზრით, კოოპერაცია საუკეთესო გამოსავალია იმ პრობლემების გადასალახავად, რაც ინგლისს დაუგროვდა წლების მანძილზე. მათგან უმთავრესად მიიჩნევენ ქონებრივ და სოციალურ უთანასწორობას:

მოსახლეობის 50% ფლობს ქვეყნის სიმდიდრის მხოლოდ 1%-ს, ხოლო უმდიდრესთა 20%-ის ხელშია ამ სიმდიდრის 84%.

ყველაზე მაღალშემოსავლიან ოჯახთა 10%-ს ასჯერ მეტი ქონება აქვს, ვიდრე ყველაზე დაბალშემოსავლიან ოჯახთა 10%-ს.

ბოლო 30 წლის მანძილზე უმდიდრესთა და უღარიბესთა შორის არსებული ნაპრალი განუწყვეტლივ იზრდება.

“ქონებრივი უთანასწორობა გაერთიანებულ სამეფოს ძვირი უჯდება და უარყოფითი შედეგებიც სახეზეა.

როდესაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა გაღრმავებულია, ეს პირდაპირ აისახება საზოგადოებაში ჯანმრთელობის, განათლების, დამნაშავეობის დონეზე, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე. მცირე უთანასწორობის ქვეყნებში ნაკლებია სულით ავადმყოფთა რაოდენობა, უფრო მაღალია განათლების დონე, დაბალია არასრულწლოვანთა შორის შობადობის დონე,, ნაკლებია მსჯავრდებულთა რიცხვი და მაღალია ნდობის მაჩვენებლები.

კვლევებმა აჩვენეს, რომ გაერთიანებულ სამეფოში – მსოფლიოს ერთერთ განვითარებულ სახელმწიფოში –  სასკოლო ასაკის ბავშვთა 1/6 ვერ ღებულობს ჯეროვან განათლებას; მოსახლეობის 1/6 სოციალურად “გარიყულია” , ანუ ვერ სარგებლობს სოციალური ინსტიტუციების სიკეთით, 1/5 ფინანსურ კრიზისს განიცდის; ოჯახთა 1/3-ში ერთი წევრი მაინც განიცდის ქრონიკულ დეპრესიას და დაძაბულობას. ოჯახთა 48%-ს ასე თუ ისე გააქვს თავი ეკონომიკურად, 15%-ს ეს უჭირს, 6%-ს კი ძალიან უჭირს.

იმავე კვლევების მიხედვით, ამჟამად  ქვყანაში არსებული უთანასწორობის განახევრების შემთხვევაში ასევე განახევრდებოდა მკვლელობების რაოდენობა, სულით ავადმყოფთა რიცხვი 2/3-ით (66%-ით) შემცირდებოდა, პატიმართა რაოდენობა 80%-ით დაიკლებდა, ნდობის დონე კი 85%-ით აიწევდა”.

უთანასწორობის შემცირების მძლავრ საშუალებად ინგლისში და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში (კანადა, შვეცია და სხვ.) სწორედ კოოპერაციაა მიჩნეული.

“გაერთიანებული სამეფო ისევ იწყებს კოოპერირებას. 167 წლის გამოცდილებამ დაგვანახვა და დაგვიმტკიცა, რომ კოოპერაციას შეუძლია  მოგებასთან ერთად ხალხისთვის თანასწორობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა, ამიტომ კოოპერაცია კვლავ გამოდის წინა პლანზე. ბრიტანეთის ეკონომიკა კვლავ უბრუნდება კოოპერატიულ მოდელს, რათა გამოიყენის იგი განვითარების მყარ საფუძვლად”-ნათქვამია ბროშურაში.

კოოპერატივებისკენ შემობრუნებას ინგლისში კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ შეუწყო ხელი – კოოპერატივები გაცილებით უფრო “კრიზისამტანი” აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა ბიზნესები.

ბროშურაში მოტანილია ინგლისის კოოპერატიული სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები სამი კრიზისული წლისთვის – 2008, 2009 და 2010 წლებისთვის:

საქონელბრუნვა კოოპერატიულ სექტორში, მლრდ. გირვანქა სტერლინგი ქვეყნის ერთიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა, %

2008    28,9 (+5,4%)   _0,1%

2009    31,8 (+10%)    _4,9%

2010    33,2 (_4,4%)   +1,3%

ამავე პერიოდში, 2008-2010 წლებში, კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა (11,3-დან 12,8 მილიონამდე). ეს პროცესი გრძელდება და 2020 წლისთვის წევრთა რიცხვი, სავარაუდოდ, 20 მილიონს მიაღწევს.

ავტორებს მიაჩნიათ, რომ კოოპერაციული ორგანიზაციები  სამი რამით განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის სხვა ფორმებისგან:

კოოპერატივებს აქვთ ზიარი, წილობრივი ხასიათის საკუთრება – მესაკუთრეები არიან თავად კოოპერატივების წევრები – მომხმარებლები, მოსამსახურეები თუ უბრალოდ იმ დასახლების ადგილობრივი მცხოვრებნი სადაც ესა თუ ის  კოოპერატივი მოქმედებს. ნებისმიერი კოოპერატივი იქმნება იმისთვის რომ მოემსახუროს მის წევრებს, რომლებსაც, როგორც ამ კოოპერატივის მფლობელებს, აქვთ თანაბარი ხმა ყველა საკითხში რაც კი ეხება კოოპერატივის საქმიანობას.

ამდენად, გარდა მათთვის საჭირო საქონლის და მომსახურების მიღებისა, წევრები ხელს უწყობენ იმ გადაწყვეტილებათა შემუშავებას, რასაც მათი კოოპერატივი იღებს.

კოოპერატივებს აქვთ ზიარი შემოსავალი. როგორც სხვა ბიზნესები, კოოპერატივებიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ოღონდ, იმის ნაცვლად რომ გასამრჯელო მისცეს გარეშე ინვესტორს, კოოპერატივი მოგებას ანაწილებს თავის წევრებს შორის. ამ გზით მიიღწევა სამართლიანობა და გაწეულ შრომას აზრი ენიჭება.

კოოპერატივებს აქვთ ზიარი გლობალური წარმატება – თვითდახმარების და ურთიერთ დახმარების შედეგად კოოპერატივები საერთაშორისო მასშტაბის ძალად იქცა.

კენიაში მცირე მიწების მფლობელ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მათი მოწეული ყავა კარგ ფასად გაყიდონ, რადგან ისინი კოოპერატივებში არიან გაერთიანებული. საფრანგეთში ათიდან ცხრა ფერმერი კოოპერატივის წევრია და ამ გზით ინახავს ოჯახს. ესპანეთში უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბის, “ბარსელონას” გულშემატკივრებს შეუძლიათ თანაბარი მონაწილეობა მიიღონ ამ კლუბის საქმიანობაში, რადგან კლუბის მფლბელები სწორედ ისინი არიან.

დღეს გლობალური კოოპერატიული მოძრაობის შედეგად გვაქვს მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკა რომელიც ღირებულებითი მაჩვენებლით მსოფლიოში მეათეა. 

დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანია კოოპერატივის წევრი; კოოპერატივების საერთო ბრუნვა შეადგენს 1,1 ტრილიონ დოლარს; კოოპერატივი წარმოადგენს არსებობის ძირითად საშუალებას 3,6 მილიარდი ადამიანისთვის ანუ დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის. კოოპერატივებზე მოდის დაზღვევის მსოფლიო ბაზრის 23 პროცენტი.

ფინეთში, ზოგიერთი მონაცემით,  კოოპერატიულ სექტორზე მოდის ქვეყნის ერთობლივი შიდა პროდუქტის (GDP) 23 პროცენტი.

იტალიაში 7000 კოოპერატივი საქმიანობს სოციალური ზრუნვის, ჯანმრთელობის დაცვის და დასაქმების სექტორებში.

ესპანეთში არის 550 კოოპერატიული სკოლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 42 მილიონი მცხორები ელექტრო ენერგიით მარაგდება კოოპერატივებისგან; 82 მილიონი გაერთიანებულია ადგილობრივ საკრედიტო კავშირებში, რომლებიც კოოპერაციის პრინციპებზე ფუნქციონირებს.

ინგლისში 2011 წლის მონაცემებით რეგისტრირებული იყო 5450 კოოპერატივი, რომლებშიც გაერთიანებულია 12,8 მილიონი წევრი. წლიური საქონელბრუნვა შეადგენდა 33,2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი).

ქვეყანაში კოოპერატივების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

ბროშურის ავტორების თანახმად, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და კარგად აწყობილ ბიზნესებს შორისაა სამომხმარებლო კოოპერატივები.

ინგლისის ყველაზე დიდი სამომხმარებლო კოოპერატივია თჰე ჩო-ოპერატივე როუპ საცალო ვაჭრობის 5000 ობიექტით. იგი ყოველ კვირაში 17 მილიონ მომხმარებელს ემსახურება სურსათით ვაჭრობის, ფარმაცევტიკის, ტურიზმის და სარიტუალო მომსახურების (დამკრძალავი ბიუროები) სექტორებში.

ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული კოოპერატივები, რომელთა მფლობელები მათივე მუშა-მოსამსახურეები არიან. მათი რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით იყო 571, მფლობალთა რიცხვი კი 78400.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მუშა-მოსამსახურეთა მფლობელობაში მყოფი კოოპერატივები გამოირჩევიან კოლექტიური პასუხისმგებლობის მაღალი დონით, კადრების მცირე დენადობით. მათი პოპულარობა იზრდება – 2010 წელს ამგვარი კოოპერატივების რიცხვი 10%-ით გაიზარდა წინა, 2009 წელთან შედარებით.

გაერთიანებული სამეფო ცნობილია ფინანსური ინსტიტუტების მაღალი ხარისხით – მსოფლიოში აღიარებული ბანკებით, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებით. მიუხედავად ამისა, კოოპერატივებმა ფინანსური მომსახურების სექტორში მაინც შეაღწია და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა. ამის ძირითად მიზეზად სახელდება “ბანკებს შორის რეალური კონკურენციის დაბალი დონე, მაღალი ტარიფები მოსახლეობისთვის, კლიენტზე ნაკლებად ორიენტირებული მომსახურება”.

კოოპერატიულ ფინანსურ ინსტიტუტებში კლიენტთა(კოოპერატივის წევრთა) ინტერესები უფრო მეტადაა გათვალისწინებული, განსაკუთრებით – გრძელვადიან პერსპექტივაში, ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ისწრაფვიან მოკლე ვადებში მაქსიმალური მოგების მიღებისკენ.

2011 წელს ქვეყანაში იყო კოოპერაციის პრინციპებზე მომუშავე 465 საკრედიტო კავშირი 87000 წევრით და 600 მლნ. გირვანქა სტერლინგის (დაახლ. 900 მლნ. დოლარის) ოდენობის შემნახველი ანაბრებით.

სადაზღვევო ბაზარზე ფუნქციონირებს 57 კოოპერატიული სადაზღვევო კომპანია; მათი მომსახურებით სარგებლობს 20 მილიონი მომხმარებელი.

ქვეყანაში აქტიურად საქმიანობენ კოოპერატიული საინვესტიციო ორგანიზაციები. მათ მიერ სხვადასხვა სფეროში დაბანდებულია 20 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლ. 30 მლრდ. დოლარის) ოდენობის თანხა, რომელიც ამ კოოპერატივთა წევრებს ეკუთვნის.

კიდევ ერთი წარმატებული სფეროა კოოპერაციის პრინციპებზე დაფუძნებული სამშენებლო საზოგადოებები (ბუილდინგ სოციეტიეს). 48 საზოგადოებაში დასაქმებულია 50000 მოსამსახურე, ამ საზოგადოებათა მიერ იმართება 320 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლ. 480 მლრდ. დოლარის) ღირებულების უძრავი ქონება და 220 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (დაახლ. 330 მლრდ. დოლარი) დანაზოგი.

ინგლისში არის კოოპერატიული ბანკი. იგი ხელმძღვანელობს მომხმარებელთა მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსით.

სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს 446 კოოპერატივი, რომლებშიც გაერთიანებულია 153700 წევრი; საქონელბრუნვამ 2010 წელს შეადგინა 4,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (დაახლ. 6,6 მლრდ. დოლარი). ინგლისის სოფლის მეურნეობა, ბროშურის ავტორთა თქმით, წარმოადგენს ქვეყნის ერთერთ ყველაზე კონკურენტულ გარემოს და ამასთანავე განიცდის საერთაშორისო სასურსათო ბაზრის ძლიერ გავლენას. ასეთ პირობებში კოოპერატივები ახერხებენ თავიანთ წევრთა ინტერესების უკეთ დაცვას და კონკურენციის გაწევას ტრანსნაცინალური კომპანიებისთვის.

ინგლისში კოოპერატივები ფუნქციონირებს ბევრ ისეთ სფეროში, რომელიც ჯერ კიდევ უცხო და უჩვეულოა ქართული სინამდვილისთვის. ასეთია, მაგალითად, კოოპერატიული სკოლები. მისი წევრები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, არიან იმ თემის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელსაც ეს სკოლა ემსახურება. 2010 წელს რეგისტრირებული იყო 136 კოოპერატიული სკოლა.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, მხოლოდ თემის აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მეორე საინტერესო მაგალითია სასპორტო ორგანიზაციების, მათ შორის ფეხბურთის კლუბების, გადაყვანა კოოპერატიულ საწყისებზე. ამჟამად ქვეყანაში არსებობს სპორტის მხარდამჭერთა 154 ჯგუფი. ისინი კოოპერაციის პრინციპით ფუნქციონირებენ, მათში გაერთიანებულია 89000 წევრი.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედ”-ის ქომაგთა 83%-ს და “ლივერპული”-ს ქომაგთა 73%-ს მიაჩნია, რომ ეს კლუბები “უკეთეს ხელში აღმოჩნდებიან, თუ გახდებიან კოოპერატიული საკუთრება”, რადგან, გამოკითხულთა აზრით, კლუბების მართვა გარედან მოსული აქციონერების მიერ ხშირად იწვევს იმ მიზნებიდან გადახვევას, რისთვისაც ეს ორგანიზაციებია შექმნილი..

კიდევ ერთი სფერო, სადაც კოოპერაციამ კარგად მოიკიდა ფეხი, არის ენერგიის განახლებადი წყაროები. 1996 წელს ჩამოყალიბდა პირველი კოოპერატივი, სადაც რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ერთიანი სახსრებით აშენდა ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური. ენერგიის ნაწილს მოიხმარენ კოოპერატივის წევრები, დანარჩენს კი ჰყიდიან კონკურენტულ ფასად. ამ წამოწყების წარმატებამ ბიძგი მისცა ანალოგიური კოოპერატივების ჩამოყალიბებას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიით მომარაგების და ვაჭრობის გარდა ეს კოოპერატივები გადაიქცნენ ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი განათლების ცენტრებად.

კოოპერატიული სექტორის წარმატების კვალობაზე იცვლება ინგლისის ხელისუფლების მიდგომაც – იგი აღიარებს კოოპერაციის მზარდ როლს ქვეყნის ეკონომოკაში  და მზადყოფნას აცხადებს მის მხარდასაჭერად. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაამარტივოს კოოპერატივების შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზა –ამჟამად მოქმედი 17 საკანონმდებლო აქტის ნაცვლად, კოოპერაციის სფეროს დაარეგულირებს მათ საფუძველზე შექმნილი ერთი კანონი.

kooperaciatest.weebly.com
agrokavkaz.ge

თქვენი რეკლამა