სამეცნიერო ლიტერატურაში დახასიათებულია საქართველოს პირობებში არსებული მესაქონლეობის ძირითადი ფორმები _ მთური, მთაბარული, ბარული და მომთაბარე, ასეთი დაყოფის საფუძველია იმ ძირითადი ნიშნების შესწავლა და დახასიათება, რაც თითოეულ დასახლებულ ფორმას აქვს. რამდენადაც ეს საკითხები მეცნიერებმა მაღალ დონეზე დაამუშავეს და შეისწავლეს, შევეხებით მხოლოდ ზოგადად, შეხსენების მიზნით.
მთური მესაქონლეობისთვის დამახასიათებელია ძირითადი საცხოვრებელი ადგილებისა და მთის საძოვრების მუდმივი ურთიერთკავშირი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ხდება საქონლის მთაზე წაყვანა გარკვეული დროით. მთაში საქონელს მიჰყვება, ძირითად მცხოვრებთა შედარებით მცირე ნაწილი. დანარჩენები კი სოფელში (დასახლებულ პუნქტებში) რჩებიან და ეწევიან სხვადასხვა სამიწათმოქმედო სამუშაოს.
აქედან ჩანს, რომ საქონელი ზამთრობით ჰყავდათ ძირითად დასახლებულ პუნქტებში. ამიტომ, მესაქონლეობის მთური ფორმის დროს საქმე გვაქვს სეზონურობასთან. ის სამეურნეო-ორგანიზაციულ საკითხებში დამოკიდებული იყო ძირითად სამეურნეო ბაზებთან – ძირითად დასახლებებთან.
რაც შეეხება მთაბარულ მესაქონლეობას, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურა „ტრანსჰუმანსეს“ სახელწოდებით იცნობს, მთური მესაქონლეობისაგან განსხვავდება შემდეგით: ის მართალია დაკავშირებულია მთავარ დასახლებასთან, მაგრამ მხოლოდ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საძოვრების გამოყენებასთან.
მთაბარული მესაქონლეობის დროს საქონელი მთელი წლის განმავლობაში საძოვარზეა. ის მუდმივად მოძრაობს საზამთრო, საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო საძოვრებზე. ამ შემთხვევაში გამორიცხულია საქონლის ბაგური კვება ძირითად დასახლებულ ადგილებში, თუმცა აქვს დასახლებასთან მუდმივი ეკონომიკური და ორგანიზაციული კავშირი.
ბარული მესაქონლეობა კი დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებთან არსებულ საძოვრებთან. ის მთელი სეზონის მანძილზე იმყოფება სასოფლო საძოვრებზე, მოსავლის აღების შემდეგ სავარგულო მიწებზე ტყიან თუ ბუჩქნარ ადგილებში. მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი უხდებათ მათი ძოვება სოფლად, ყანისპირებში და ღამის გათევა იქვე, დროებით გამართულ გომურებში, ზოგჯერ ჰყავთ ბაგურ კვებაზედაც. ასე, რომ მთელი წლის განმავლობაში, მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და სხვა სოფლის ირგვლივ მოძრაობს.
მომთაბარე მესაქონლეობა საქართველოში ხასიათდება ცხოველთა გადაყვანა-გადმოყვანით ბარის საზამთრო საძოვრებიდან მთის საზაფხულო საძოვრებისაკენ და პირიქით. რაც შეეხება ნახევრად მომთაბარულ მესაქონლეობას, ადგილი ჰქონდა საქართველოს სინამდვილეშიც და ხასიათდება საზამთრო საძოვრების ზონაში დასახლებებისა და სამიწათმოქმედო ბაზების გაჩენით.
არქეოლოგიური მასალების დამუშავების შედეგად მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარეულ ცხოველთა მოშინაურება კავკასიაში მიწათმოქმედების ადრეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო (იგულისხმება ძვ.წ. VII ათასწლეული). დადგენილია, აგრეთვე, რომ ძვ.წ. V – IV ათასწლეულებში ქართველ ტომთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ამიერკავკასიის ცენტრალური ოლქი და ამიერკავკასიის დასავლეთი ნაწილის გარკვეული ტერიტორია იყო. არსებული მასალების საფუძველზე მოკვლეულია, რომ ძვ.წ. V – IV ათასწლეულებში ქვემო ქართლში მოსახლე ტომების მიერ ათვისებულია მდინარისპირა ველები და შემაღლებული ადგილები.
რაც შეეხება გადარეკვით მესაქონლეობის განვითარებას, შუა ბრინჯაოს ხანასთან უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ამასვე ადასტურებს ვ. შამილაძის მოსაზრება: „შუა ბრინჯაოს ხანის შუამთის მოსახლეობისათვის, რომლებსაც ათვისებული ჰქონდათ მთიან ხეობათა ზედაწელი და მიახლოებული იყვნენ ალპურ მდელოებს, ეს აღმოჩენა დიდ სიძნელეებთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ასე უნდა აღმოცენებულიყო საქართველოსა და კავკასიაში მთური, ალპური მეურნეობის თვისებრივად ახალი ქვესახეობა _ მთური გადარეკვით მესაქონლეობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთიანეთის სამეურნეო-კულტურულ და სოციალური განვითარების პროცესში“.
ასევე ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება კავკასიის ტერიტორიაზე მთაბარული მესაქონლეობის აღმოცენებაც. შუა ბრინჯაოს ხანაში მთის ზოლების ათვისება ხელს უწყობდა მეცხოველეობის განვითარებას. ეს პერიოდი უკავშირდება, აგრეთვე, თრიალეთის მაღალმთიანი ზოლის ინტენსიურ ათვისებას საძოვრად. ამ დროს განვითარებული მეცხვარეობისათვის თრიალეთის ტომების მიერ ქვემო ქართლისა და იორ-ალაზნის საზამთრო საძოვრების გამოყენება, მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო. შუა ბრინჯაოს ხანას უნდა ეკუთვნოდეს მთიულეთის, ფშავისა და ერწო-თიანეთის, ცოტა მოგვიანებით კი მთათუშეთისა და ხევის მეცხვარეობის განვითარება და მათ მიერ იორ-ალაზნის აუზის საზამთრო საძოვრების გამოყენებაც.
ივრისპირეთსა და ალაზნის ველზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა მეურნეობის საინტერესო კომპლექსები, საიდანაც ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა, დაწინაურებულ მიწათმოქმედებასთან ერთად, განვითარებული მესაქონლეობისათვის საზამთრო საძოვრებად ფართოდ იყენებდა იორ-ალაზნის აუზის ველებს, ხოლო საზაფხულოდ _ თრიალეთის ზეგანს. მეცხვარეობის დაწინაურებისა და მთაბარული მესაქონლეობის განვითარების შესახებ გარკვეულ სურათს იძლევა დასავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური კვლევაძიებაც.
შემდგომ პერიოდშიც ხალხთა კულტურულ განვითარებასთან ერთად უფრო მეტად იხვეწებოდა მათი სამეურნეო ცხოვრება და მათ შორის, რა თქმა უნდა, მეცხოველეობის სხვადასხვა ფორმა. მაგრამ, დროთა განმავლობაში მათ ინტენსიურ განვითარებას აბრკოლებდა საზოგადოებაში არსებული ისტორიული პროცესები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.
ისტორიულმა ძვრებმა ძვ.წ. V-I ათასწლეულებში გადამწყვეტი გავლენა იქონია მთელი კავკასიის ხალხებზე და ასევე ქართული ტომების შემდგომ ყოფაზე. სწორედ ამ პერიოდში ხდება ცალკეული ხალხების, მათ შორის ქართველი ხალხის ფორმირება. როგორც მეცნიერულად არის დასაბუთებული, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები და მათი ერთიანად ჩამოყალიბების პროცესიც ამ რთულ ვითარებას დაემთხვა. არქეოლოგიური მასალებით ისიც ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა უძველესი ადამიანი (ამ ცოტა ხნის წინათ მოპოვებული ადამიანთა თავის ქალები არანაკლებ მილიონ შვიდასი ათასი წლისაა). ამასთან ის იყო საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. აქ ლოგიკური დასკვნაც კი შეიძლება გავაკეთოთ: შეუძლებელია ასეთ უძველეს დასახლებულ ტერიტორიაზე არ ყოფილიყო განვითარებული მეცხოველეობა, თუნდაც ძ.წ. მეორე ათასწლეულში – ბრინჯაოს ხანაში.
ისტორიულად ცნობილია, რომ საზოგადოება ვერ ვითარდება ზიგზაგებისა და შეფერხებების გარეშე. სწორედ მისი კულტურული განვითარების შეფერხებასთან ერთად ფერხდებოდა მეცხოველეობის განვითარებაც. ასე იყო არა მარტო ძვ.წ-ის არამედ შემდგომ პერიოდშიც. ასეთ შემფერხებელ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ხშირი ომები, განსაკუთრებით ხშირი შემოსევები საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფერი ეს შლიდა აწყობილ მეურნეობას, ანგრევდა კულტურულ მონაპოვრებს და შემდეგ ადამიანებს ხელახლა უხდებოდა მისი აღდგენა. ასეთმა მრავალჯერ დანგრეულმა და შემდგომ აღდგენილმა კულტურამ და სამეურნეო ტრადიციებმა მოაღწია ჩვენამდე, მათ შორის არის სოფლის მეურნეობა და მისი ერთ-ერთი დარგი მეცხოველეობა.
საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას თავისი სპეციფიკური ნიშნები და ხასიათი ჰქონდა, რაც დაკავშირებული არის ქვეყნის ტერიტორიასა და კლიმატურ პირობებთან. ჩვენთან მესაქონლეობის იმ ფორმის დამახასიათებელი ნიშნები ვითარდებოდა, რომელთა განვითარება უფრო ხელსაყრელი და შესაძლებელი იყო საქართველოში. ამის შესახებ ნათლად მეტყველებს ჩვენ ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალები, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ რაციონალურად იყენებდნენ მეურნეები როგორც თავიანთ საწარმოო ძალებს, ისე ყველა სახის საძოვარს, საზაფხულოს თუ საზამთროს.
თიანეთში მცხოვრებს ზურაბ და ხვითო გარიშვილებს ბაბხის ხევის მთებში ერთი ბინა ჰქონდათ. ეს მთა ახლოს იყო სოფელთან. იქ საქონელი ერთად დაჰყავდათ. მიდიოდნენ ძველი სტილით 10 მაისს და რჩებოდნენ 10 სექტემბრამდე. თუ ძალიან ცივი ამინდები იყო, 20 აგვისტოს შემდეგ ბრუნდებოდნენ. ბაბხის ხევის მთებში, სადაც მათი ქოხი იყო, გზა მიდიოდა სოფელ არტანიდან. გზა გაივლიდა ბაჩალას, შემდეგ ყვარას (სოფლის სახელები) და აქედან პირდაპირ ავიდოდნენ ბაბხის ხევში. რადგანაც ეს საძოვარი ახლოს იყო, იქ ქალები მარტო რჩებოდნენ. კაცები მათ აიყვანდნენ იქ, რაც საჭირო იყო ყველაფერს მოუმარაგებდნენ (შეშა, ფქვილი, რძის ნაწარმის დასამუშავებელი მოწყობილობები და ა.შ.) და უკან ბრუნდებოდნენ. რამდენიმე ხანში ისევ ააკითხავდნენ, აუტანდნენ საჭირო მარაგს და ბრუნდებოდნენ.
გარიშვილებს საზამთრო ბინა და საძოვარი მუხათზედაც ჰქონდათ. ის მდინარე ილტოს ხეობაშია, ბუხრევიდან 7 კილომეტრის დაშორებით; ჩავარდნილი ადგილია, თოვლი იშვიათად მოდის და 2 – 3 დღეში ქრება. აქ არის ბევრი მაყვალი, ბარძამი. საქონელიც იმით იკვებება. აღსანიშნავია ის, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში საზაფხულო საძოვრებიდან დაბრუნებული საქონელი სოფელში ჰყავდათ ოქტომბერ-ნოემბრამდე. ეს იმიტომ, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინათ არსებული საკვები რესურსები. შემდეგ მიჰყავდათ მუხათაზე. იქ საქონლის წაყვანა ამინდებზე იყო დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ძველი სტილით 10 ნოემბერს არ გადააცილებდნენ. საზამთრო საძოვრებზე საქონელს მხოლოდ მამაკაცები მიჰყვებოდნენ.
გადმოცემით, ილტოს ხეობაში საქონელი ბევრს დაჰყავდა: თიღლიაურებს, კოჭლავაშვილებს, ჩეკურაშვილებს, ღვინაშვილებს, ლაგაზურებს და სხვა. ვისაც 60 სულ საქონელზე ნაკლები არ ჰყავდა, მათ მიჰყავდათ საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე. ერთ ზამთარს ილტოს ხეობაში დიდი თოვლი მოსულა. მესაქონლეებს საკვების მარაგი თითქმის არ ჰქონიათ და საქონელი, რომ არ დაღუპვოდათ, თბილისში გუბერნატორთან თხოვნა გაუგზავნიათ – მიეცათ უფლება უფასოდ გაეჩეხათ ტყე. იქიდანაც თანხმობა მიუღიათ. მხოლოდ ხეები ძირში არ უნდა მოეჭრათ. თოვლის აღებამდე გადაჭრილი ტოტების ნეკერით იკვებებოდა საქონელი და გადარჩა.
დაახლოებით ასეთივე ვითარება იყო ერწო-თიანეთის სოფლებში. ყველა სოფლიდან, ვისაც დიდი რაოდენობით საქონელი ჰყავდა, აუცილებლად მიჰყავდა მთაზე, რამდენადაც საქონლის გამოკვების საშუალება სოფელში არ იყო. თითქმის ყველა სოფლის საქონელი მაისიდან პირველ ივნისამდე აუცილებლად უნდა წასულიყო მთაზე. ხშირ შემთხვევაში, სოფლიდან გასვლის დრო დამოკიდებული იყო იმ მთის სიმაღლეზე, სადაც საქონელი უნდა გაერეკათ.
მთა, რომელიც შედარებით დაბალი ან სამზეო იყო, თოვლს ადრე იღებდა, ბალახიც ადრე ამოდიოდა და საქონელსაც ადრე მიერეკებოდნენ, უფრო მომაღლო მთაზე კი შედარებით გვიან ადიოდნენ. როგორი დაგვიანებული გაზაფხულიც არ უნდა ყოფილიყო, აღნიშნული ვადები აუცილებლად დაცული იყო. ერწო-თიანეთის სოფელ ბუშატის მეურნეებს მთის საზაფხულო საძოვრებზე საქონელი მიჰყავდათ ივნისის პირველ რიცხვებში და რჩებოდნენ სექტემბრის ბოლომდე.
მსხვილფეხა საქონელთან აქაც ქალი რჩებოდა. ის წველიდა საქონელს და ამზადებდა რძის პროდუქტებს. ხოლო საქონლის მოსავლელად მწყემსი ჰყავდათ დაქირავებული. თუ ოჯახში რამდენიმე ქალი იყო, ასეთ შემთხვევაში დაწესებული იყო რიგი: ერთ წელიწადს ერთი წავიდოდა, მეორე წელიწადს – მეორე და ა.შ. მთის საზაფხულო საძოვრებზე მხოლოდ მსხვილფეხა საქონელი მიჰყავდათ. ქალს, რომელიც ამ საქონელს მიჰყვებოდა მემთეს ეძახდნენ. სოფელში (ოჯახში) ტოვებდნენ მხოლოდ ერთ მეწველ საქონელს.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქონელი სოფელში ჩამოჰყავდათ (სექტემბრის ბოლომდე, უნდა დამთავრებულიყო მათი ჩამოყვანა). აქ საშუალოდ თვენახევარი რჩებოდა საქონელი და ნოემბრის პირველ რიცხვებში მიჰყავდათ საზამთრო საზოვრებზე – შირაქში. აქ საქონელთან ყოველთვის კაცი იყო, ქალები სოფელში რჩებოდნენ. შირაქში დამატებით საკვებს მხოლოდ ჯანდაგ (სუსტ) საქონელს თუ მისცემდნენ. იშვიათ შემთხვევაში, დიდი თოვლობის დროს იყო საჭირო მათი კვება. აქ ყველას თავისი ყორუღი ჰქონდა. გაზაფხულზე, როცა საქონელი დასუსტებული იყო, მაშინ უშვებდნენ აქ.
მარტის თვეში სოფლიდან კაცი მიდიოდა შირაქში და მუშა საქონელი მიჰყავდა. ივნისის პირველ რიცხვებში კი შირაქიდან საქონელი გადაჰყავდათ საზაფხულო საძოვრებზე. ასეთ ვადებში ხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე საქონლის გადაყვანა. სოფელში ყოველთვის ტოვებდნენ ერთ უღელ ხარს. იგივე ბუშატის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ყველას, ვისაც კი საქონელი ჰყავდა (გამონაკლისი იყო, ვისაც არ ჰყავდა), ერთი მეწველი ძროხის გარდა საზაფხულო საძოვარზე ყველა აგზავნიდა საქონელს. ზამთრის საძოვრებზე კი ისინი მიდიოდნენ, ვისაც 10-ზე მეტი მეწველი საქონელი ჰყავდა. ასეთ შემთხვევაში ხშირად შეამხანაგებაც (მონარევი) ხდებოდა. ვისაც ძალიან ბევრი საქონელი ჰყავდა, ისინი მუდამ მომთაბარეობდნენ. ხშირად გამოჰყოფდნენ მეწველ საქონელს და ზაფხულის პერიოდში მათთან ქალები იყვნენ, ხოლო მშრალ საქონელს კაცები უვლიდნენ.
გადმოცემით სოფელ ბუშატში დიდი რაოდენობით საქონელი ჰყოლიათ ხუცურაულებს, ქუმსიაშვილებს, ბენაგაშვილებს. იცოდნენ მოჯამაგირის აყვანაც. ის ზამთარში ბოსელში უვლიდა საქონელს, ხოლო ზაფხულში მთაში მიჰყვებოდა. მსხვილფეხა საქონელს, თუ მათში გარეული არ იყო მეწველი, მხოლოდ ერთი მწყემსი უვლიდა. ასეთ მწყემსს წელიწადში გასამრჯელოდ ერთ ხარს აძლევდნენ. ხშირად მსხვილფეხა საქონელის მოსავლელად რამდენიმე მოჯამაგირე ჰყავდათ.
მთაში იყო ისეთი სოფლები, რომელთაც საძოვრები არ გააჩნდა, მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდნენ, რომ ჰყოლოდათ საქონელი, არა მხოლო იმდენი, რამდენიც მათ ოჯახებს გამოკვებავდა, არამედ იმდენი, რომ სასაქონლო პროდუქცია დაემზადებინათ. სოფელ არტანში 87 წლის ხვთისო ბურდული 1973 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს გვიყვებოდა, რომ მის მამას – გიორგის 40 სულზე მეტი მსხვილფეხა საქონელი ჰყავდა, აქედან 20-ზე მეტი მეწველი, ხარი – 8 – 10, დანარჩენი მშრალი და მოზარდი. ეს მაშინ, როცა ამ სოფელს საძოვარი საერთოდ არ გააჩნდა. ამასთან, ჰყოლია დიდი რაოდენობით ცხვარიც.
საქონელს აძოვებდნენ შედარებით ახლოს, ხუშხევის მთებში, ზამთრობით კი შირაქში. საქონელი მთებში შირაქიდან ძველი სტილით მაისის პირველ რიცხვებში გადაჰყავდათ, სადაც ქოხები ჰქონდათ. ამ ქოხებს ფიცრის კედლები ჰქონია, გადახურული ყოფილა თელის ხის ქერქით. საქონელი გარეთ ჰყოლიათ, ღია ადგილზე. იქვე წველიდნენ ძროხებს, ამზადებდნენ პროდუქტებს და სოფელში ჩამოჰქონდათ. ხუშხევის მთაზე სათიბებიც ჰქონიათ, რომლებსაც საქონლისაგან იცავდნენ. ასევე ყოფილა სხვა ოჯახებიც. მთელ სოფელში ტოვებდნენ მხოლოდ 6 ხარს, 5 მეწველ ძროხას და ერთ წლამდე ხბოებს. ხუშხევის სათიბებს ყოველ წელიწადს ოჯახებზე ანაწილებდნენ.
ანალოგიური ვითარება იყო დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, შევეხებით მაგალითებს აჭარელ მეურნეთა ცხოვრებიდან.
როგორც კი ხვნას დაამთავრებდნენ, საქონელი მთაში მიჰყავდათ. მთიდან აბრუნებდნენ მაშინ, როცა მოსავალი აღებული და ჭალები გათიბული იყო. ზაფხულის პერიოდში საქონელი სოფელში არ უნდა ყოფილიყო. ამისათვის ისინი მზად იყვნენ. მთებზე, სადაც საძოვრები იყო აგებული, ჰქონდათ იაილამა (მთის სახლი). ის იყო ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე იყო ახორი (საქონლის სადგომი), მეორე სართულზე კი ადამიანთა საცხოვრებელი. საქონელი აქ აჰყავდათ 21 მაისიდან (ახალი სტილით) და რჩებოდნენ 15 სექტემბრამდე. საქონელს მთაზე მიჰყვებოდა მწყემსი კაცი, ხოლო მემთევარი იყო ქალი, რომელიც რძის პროდუქტებს ამზადებდა. მათ თან მიჰყავდათ მოხუცები და ბავშვები დასახმარებლად და ჰაერის გამოსაცვლელად.
სექტემბრიდან (მთიდან დაბრუნების შემდეგ) საქონელი სოფლისპირა საძოვრებზე დაუდიოდათ. მათ არ ჰქონდათ საზამთრო საძოვრები. საქონელი ნოემბრიდან ბაგურ კვებაზე გადაჰყავდათ. ხოლო აპრილიდან მთაზე წაყვანამდე ისევ სოფლისპირა საძოვრებით სარგებლობდნენ. ეს დამახასიათებელი იყო დასავლეთ საქართველოს უმეტესი კუთხეებისათვის, კერძოდ იმათთვის, ვისაც დიდი რაოდენობით საქონელი არ ჰყავდა…
ავტორები: ჯემალ სვანიძე, ლევან თორთლაძე /სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა „აგრარული საქართველო“./