ჯონჯოლის ბაღის გაშენება, მწნილის დამზადება

ჯონჯოლი, ჯონჯოლის, მწნილი

ჯონჯოლი ერთ-ერთი იშვიათი და ძვირფასი კულტურაა, საყურადღებოა როგორც საკვები, დეკორატიული და თაფლოვანი მცენარე. რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.

იგი უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთების შუა და ვაკის ტყეებში. ძირითადად, იზრდება ფართოფოთლოვან და მეტწილად მუხნარ-რცხილნარში, ჭალის ტყეებში, ზოგჯერ ქმნის ქვეტყეს.

გვხვდება ერთეულებად და პატარა ჯგუფებად. ის ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა (სიმაღლით საშუალოდ 2-4 მ.). უკანასკნელ წლებში ჯონჯოლის წარმოება საქართველოში გაიზარდა.

ჯონჯოლი შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალებს, ვიტამინებს და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს. კავკასიასა და საქართველოში მისი მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი რომელიც კოლხეთის დაბლობის გარდა, ქართლსა და კახეთშია გავრცელებული.

ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ, თესლისაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ მედიცინაში. ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. ჯონჯოლი მრავლდება თესლითა და ფესვის ამონაყრით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ბაღის გაშენება

სამრეწველო მიზნით ჯონჯოლის გაშენების გადაწყვეტილების მისაღებად მთავარია ადგილის შერჩევა და გაშენების წესების სრული დაცვა.

ადგილის შესარჩევად გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლის დგომის დონე, ქარების მიმართულება და სიძლიერე.

მართალია, ჯონჯოლის კულტურა დიდ მოთხოვნას არ უყენებს ნიადაგს, მაგრამ მისთვის საუკეთესოა კარგი ფიზიკური, ტენიანი სტრუქტურის ნიადაგები. ჯონჯოლის კულტურის გაშენება საუკეთესოა რუხ ყავისფერ, შავმიწა ნიადაგებზე.

ასევე გასათვალისწინებელია ზონის ეკოკლიმატური პირობები: ტემპერატურის მაქსიმუმი და მინიმუმი. ჯონჯოლისათვის კლასიკურ ზონად მიღებულია ზღვის დონიდან ბაღის გაშენება 200-დან 1000 მეტრამდე.

ჯონჯოლის ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე ნიადაგი უნდა დამუშავდეს 35-40 სმ სიღრმეზე.

ნიადაგის დამუშავება

ნერგების დარგვამდე ჰექტარზე უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ტორფნაკელიანი მასა) 45-50 ტონის ოდენობით. დასარგავად  უნდა მომზადდეს 30 სმ სიღრმისა და 30 სმ დიამეტრის ორმოები.

ჯონჯოლის დარგვა

ჯონჯოლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა, რომელიც საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნ- ველყოფილ იქნეს მცენარეთა კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, შრომის ნაყოფიერების ზრდა.

ჯონჯოლი, ძირითადად, მრავლდება თესლით, გადაწვენით, ამონაყრებითა და კალმით.

ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 80-100 სმ სიგრძის, შტამბის დიამეტრი 15 მმ, ფესვი არ უნდა იყოს გამომშრალი.

ჯონჯოლისთვის საუკეთესოა მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება, ხოლო გაშენების გავრცელებული სქემაა 3X4 მ-ზე. 1 ჰექტარზე ეტევა 833 ძირი.

დარგვის შემდეგ სასურველია ნერგი მოირწყას წვეთოვანი ირიგაციის მეშვეობით.

ახალ გაშენებულ ბაღში ტარდება აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად: კერძოდ, ნიადაგის დამუშავება რიგთაშორისებში, ძირების გარშემო ნიადაგის გაფხვიერება, განოყიერება, გასხვლა, მორწყვა, მცენარეთა დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან, ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან.

მცენარის კვება

წყალთან ერთად, მცენარემ ნიადაგიდან უნდა შეითვისოს (მისთვის ათვისებად ფორმაში მყოფი) მინერალური მარილები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მარგანეცი, ბორი, სპილენძი და სხვ.), რომლებიც ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად გადაიქცევა ხსნად საკვებ ნივთიერებად.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მისაღებად ნიადაგში უნდა იყოს ყველა საკვები ელემენტის აუცილებელი რაოდენობა. ერთის ჩანაცვლება მეორით არ შეიძლება, რომელიმე ელემენტის არარსებობა იწვევს მცენარის განვითარების შეფერხებასა და კვდომას.

სასუქების ეფექტიანად გამოყენების აუცილებელი პირობაა ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარება სათანადო ლაბორატორიაში, რის საფუძველზეც (სას.-სამ. კულტურის მიერ საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით) განისაზღვრება ნაკვეთში შესატანი სასუქების რაოდენობა.

სასუქების შეტანა, ძირითადად, ხდება ხვნის წინ, მცენარის დარგვის წინ, რიგთაშორისების გაფხვიერების დროს, ვეგეტაციის პერიოდში.

ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები

ჯონჯოლის ბაღში ნიადაგის მოვლა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომლის მიზანია ოპტიმალური პირობების შექმნა მცენარეების ნორმალური განვითარებისათვის, არ უნდა შეექმნას სირთულეები კვების ელემენტებით, წყლით და სინათლით ბაღის უზრუნველყოფას, აგრეთვე არ უნდა შეფერხდეს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მოძრაობა.

გაშენებულ ბაღს, ძირითადად, ანოყიერებენ მინერალური, ორგანული და მწვანე სასუქების (სიდერატების) საშუალებით.

ორგანული სასუქები: ცხოველური წარმოშობის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველი) ნაკელი, ტორფი, კომპოსტი, წუნწუხი მნიშვნელოვნად აღადგენენ ნიადაგის ნაყოფიერებას, აუმჯობესებენ ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებენ სასარგებლო მიკროფლორით, ხელს უწყობენ მცენარის მიწისზედა და მიწისქვედა ნაწილების განვითარებას.

მინერალური სასუქებიდან ხეხილის ბაღში გამოიყენება აზოტოვანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და მიკროსასუქები, ძირითადად, როგორც ნიადაგის განოყიერების, ასევე ფესვგარეშე გამოკვებისათვის.

მწვანე სასუქების მოქმედება დაფუძნებულია ბაღში სიდერატების – სპეციალური ბალახების (ბარდა, ესპარცეტი, ქერი, ჭვავი და სხვ.) თესვაზე, რომლებიც იძლევიან დიდი რაოდენობით ვეგეტაციურ მასას, რომლის ჩახვნის შემდეგ ნიადაგი მდიდრდება აზოტით, ფოსფატების მოძრავი ფორმებითა და ორგანული ნივთიერებებით.

წამლობა: სხვა მრავალწლიანი კულტურებისგან განსხვავებით, ჯონჯოლს წამლობა ნაკლებად სჭირდება. მას იშვიათად აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა.

ბრძოლის ღონისძიებანი: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა; გაზაფხულიდან თვეში ერთჯერ 1%-იანი იტალიური ბორდოს სითხით შეწამვლა, ხოლო ტკიპა და ბუგრისთვის – ობერონი+კონფიდორ მაქსი.

გასხვლა-ფორმირება

ბუჩქის ფორმირებისას ტოვებენ, ძირითადად, ჩონჩხის 4-6 ტოტს. გაზაფხულზე ან მოსავლის აღების შემდეგ აცლიან დაზიანებულ, გამომშრალ ტოტებს, შტამბის წანაზარდებს და ფესვის ამონაყარს.

ჯონჯოლი ნაყოფს იძლევა როგორც წინა წლების (განსაკუთრებით 2-3 წლის), ასევე ახალ ტოტებზე.

ამასთან, კარგი მოსავლის ძირითადი ნაწილი ძველ ტოტებზე მოდის, ხოლო ახალზე ნაყოფი მცირე რაოდენობის და ნაკლები ხარისხისაა, ამიტომ ყოველ წელს ჩვეულებრივ გასხვლასთან ერთად აცილებენ ახალი ტოტების 50%-ს.

ჯონჯოლის სასარგებლო თვისებები

სასიამოვნო გემოსთან ერთად მას სხვა უნიკალური თვისებებიც აქვს. მაგალითად, ჩინური ტრადიციული მედიცინა ჯონჯოლის ერთ-ერთი სახეობის ფოთლების ნახარშს ხველის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებს.

ჯონჯოლი ბევრ აქტიურ ნივთიერებას და მათ შორის სხვადასხვა სახის ვიტამინს ან მათი სინთეზისთვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტების კვლევითაც დასტურდება, რომ ეს მცენარე შეიცავს ბუნებრივ ინსულინს.

ჯონჯოლის ერთი ზრდასრული 20-30 წლის ბუჩქი იძლევა 5-10 კილოგრამ ყვავილს, რაც ამავე რაოდენობის მწნილის დამზადების შესაძლებლობას იძლევა. დღეს ჯონჯოლის მწნილის ფასი 5-6 ლარია, ანუ საშუალოდ რომ ავიღოთ, ერთი ბუჩქი იძლევა ნედლეულს 40 ლარის პროდუქციისთვის.

მწნილის დამზადება

შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში ან ქილაში, მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება.

ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ, თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.

რამდენადაც ცნობილია, ჯონჯოლის ყვავილისგან მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ამზადებს მწნილს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში მას როგორც დეკორატიულ მცენარეს იყენებენ.

ის, რომ მწნილის დამზადების ტექნოლოგიის მხრივ, ფაქტობრივად, მონოპოლიას ვფლობთ, ამ პროდუქტით სულაც არ არის გამორიცხული ევროპის ბაზარზე შესვლა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, განსაკუთრებით ქალებმა აღნიშნული დელიკატესით შეიძლება მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ სოციალური მდგომარეობა.

ჯონჯოლის კრეფა და მისი დამწნილება ხომ, როგორც ჩვენში იტყვიან, ქალის საქმეა.

ავტორი: ლალი გოგინავა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

თქვენი რეკლამა