ციცარი – ინკუბაცია, ციცრის კვერცხის ინკუბაციის ორი რეჟიმი

ციცარი, ციცრის, კვერცხის, ინკუბაცია

სანაშენე მიზნებისათვის საინკუბაციოდ გამოიყენება კვერცხი, რომლის შენახვის ხანგრძლივობა, შესაბამის პირობებში არ აღემატება 6-7 დღეს. კერძოდ, სპეციალურ კვერცხსადებში ბლაგვი ბოლოთი ზემოთ ჩაწყობილ კვერცხს ინახავენ ბნელ ოთახში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 20C-დან 60C-მდე მერყეობს, ხოლო ტენიანობა 70-80%-ია.

ინკუბატორში გადატანამდე კვერცხს ყურადღებით ახარისხებენ და ოვოსკოპის საშუალებით ლანდავენ. საინკუბაციოდ ვარგისი კვერცხის მასა არ უნდა იყოს 40 გ-ზე ნაკლები, უნდა ჰქონდეს მსხლისებური ფორმა, მკვრივი ნაჭუჭი ბზარების გარეშე.

არ გამოდგება ძალიან მსხვილი ან წვრილი კვერცხი, ასევე ორყვითრიანი, არასწორი ფორმის, ჭუჭყიანი, ხანგრძლივად შენახული. გაბზარული კვერცხის აღმოსაჩენად ორ კვერცხს ერთმანეთს ფრთხილად ურტყამენ და გამოცემული ხმის მიხედვით ადგენენ დეფექტიანს. დაშვებულია დაბინძურებული კვერცხის გარეცხვა კალიუმ პერმანგანატის სუსტი ხსნარით, რომლის შემდეგაც მას აუცილებლად აშრობენ.

საინკუბაციო კვერცხზე არსებული სხვადასხვა არასასურველი მიკროფლორის (ბაქტერიები, სოკოს სპორები) განადგურების მიზნით, ინკუბატორებში ხშირად მიმართავენ მის წინასწარ დამუშავებას მკაცრად განსაზღვრული დროის განმავლობაში ჰელიო-ნეონის ლაზერის ან ულტრაიისფერი სხივების საშუალებით.

აღნიშნული სხივების დადებითი მოქმედება ვლინდება ასევე ჩანასახის ზრდა-განვითარებაზე და გამოჩეკილი წიწილის რაოდენობაზე, რომელიც 5-7%-ით იზრდება. კვერცხის დეზინფექციას ატარებენ ფორმალდეჰიდის ორთქლითაც.

საინკუბაციო კვერცხის 1,0 გ ყვითრი (გული) უნდა შეიცავდეს 35 მკგ კაროტინოიდებს და 10 მკგ A ვიტამინს. მასის მიხედვით ციცრის კვერცხი იყოფა: წვრილ – 38-40 გ, საშუალო – 41-44 გ და მსხვილად – 46-47 გ.

საინკუბაციოდ სასურველია შეირჩეს ერთნაირი მასის კვერცხი, რადგან განსხვავებულებს, ინკუბაციის სხვადსხვა რეჟიმი ესაჭიროება.

ინკუბატორიუმში ტემპერატურა არ უნდა იყოს 180C -ზე ნაკლები. კვერცხს აწყობენ 380C -მდე წინასწარ გაცხელებულ ინკუბატორში. ინკუბატორში კვერცხის ავტომატური ბრუნვის შემთხვევაში, მას აწყობენ ბლაგვი ბოლოთი ზემოთ, ხოლო თუ ბრუნვა ხელით ხდება, მაშინ კვერცხი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურად.

შეცდომის თავიდან აცილების მიზნით კვერცხს ერთ მხარეზე ჯვარს ასვამენ, მეორეზე 0-ს.

კვერცხის გადაბრუნრება უნდა დაიწყოს ჩაწყობიდან 12 საათის შემდეგ. გადაბრუნებისას უმჯობესდება გათბობა, არ ხდება ჩანასახისა და მისი გარსის მიწებება ნაჭუჭთან. კვერცხის გადაბრუნება დღე-ღამეში აუცილებელად 6-ჯერ უნდა მოხდეს.

ინკუბატორიდან თაროები გამოსაჩეკ კამერაში ინკუბაციის მე-26 დღეს გადააქვთ. ამ დროს კამერაში ტენიანობა 5-10%-ით მაღალია ვიდრე ქათმის კვერცხის ინკუბაციისას. აღსანიშნავია, რომ თუ საინკუბაციო კვერცხი შეესაბამება სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია მისი შენახვის პირობები და ინკუბაციის რეჟიმი, მაშინ გამოჩეკვის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოჩეკილი წიწილაც კონდიციურია. საბოლოო ჯამში კი იზრდება როგორც გამოჩეკილი წიწილის რაოდენობა, ასევე მისი შენარჩუნების პროცენტიც.

ამჟამად ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა მიერ შემუშავებული, ციცრის კვერცხის ინკუბაციის განსხვავებული რეჟიმები, რომელთა გამოყენებაც ერთნაირად გამართლებულია.

ქვემოთ მოყვანილია ციცრის კვერცხის ინკუბაციის სხვადასხვა რეჟიმი:

  • ინკუბაციის რეჟიმი I

მე-14 დღემდე შედარებით პატარა ზომის კვერცხისათვის ტემპერატურა- 37,0-37,20C -ია;

მე-14 დღემდე მსხვილი ზომის კვერცხისთვის ტემპერატურა- 37,4-37,50C -ია;

მე-14 დღის შემდეგ ნებისმიერი მასის კვერცხისათვის ტემპერატურა უნდა იყოს – 37,4-37,50C , ფარდობითი ტენიანობა 60-65%, დღე-ღამეში თაროების ბრუნვათა რიცხვი 12.

კვერცხის საინკუბაციო ხარისხის შესამოწმებლად პირველი ოვოსკოპირება ხორციელდება ინკუბაციის მე-9 დღეს.

იმისათვის რომ დადგინდეს შეიკრა თუ არა კვერცხის მახვილ ბოლოზე ალანტოისი, ინკუბაციის მე-14 დღეს ხდება სხვადასხვა თაროებიდან შეგროვილი მცირერიცხოვანი საკონტროლო ჯგუფის დალანდვა.

მომდევნო დალანდვა ტარდება ინკუბაციის 26-ე დღეს, რომლის დროსაც ხდება ყველა ჩამკვდარემბრიონიანი კვერცხის გამორჩევა, ხოლო კვერცხი რომელშიც ცოცხალი ემბრიონია, გამოსაჩეკ კამერაში გადააქვთ.

აქ ტემპერატურა 36,5-36,80C -ია, ხოლო ფარდობითი ტენიანობა 70-75%. ციცრის კვერცხის ინკუბაციის საერთო ხანგრძლივობა 27-28 დღეა. ამ პერიოდში ის თავისი საწყისი მასის 14%-ს კარგავს.

  • ინკუბაციის რეჟიმი II

1 დან 13 დღის ჩათვლით ინკუბატორში ტემპერატურა უნდა იყოს 37,80C, ფარდობითი ტენიანობა 60%. მე-6 დღიდან, დღეში ერთხელ, ხდება კვერცხის გაცივება, რომლის დროსაც ინკუბატორის კარს 5 წუთით აღებენ.

14-დან 24 დღის ჩათვლით ინკუბატორში ტემპერატურა უნდა იყოს 37,50C, ფარდობითი ტენიანობა 50%. კვერცხის გაცივების ხანგრძლივობა იზრდება 10 წუთამდე. გამოჩეკვამდე 3 დღით ადრე წყვეტენ კვერცხის ბრუნვასა და გაცივებას და იგი საჩეკში გადააქვთ, სადაც ტემპერატურას ამცირებენ 370C -მდე, ხოლო ტენიანობას 60%-მდე ზრდიან.

26 დღეს ტემპერატურა რჩება 370C, ხოლო ტენიანობას უკვე 96%-მდე ზრდიან. ტენიანობის გაზრდა, რომელიც კვერცხის წყლით დანამვითაც შეიძლება, ხელს უწყობს წიწილების გამოჩეკვის პროცესს, რადგან ამ დროს ნაჭუჭი თხელდება და წიწილები ადვილად ტეხენ მას. 27 დღეს წიწილები იჩეკებიან.

საჩეკ კამერაში თაროების გადატანის შემდეგ გამოჩეკვის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოჩეკვაც მასიურად ხდება. გაშრობისთანავე წიწილებს ერთდღიანი წიწილებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთებში სვამენ.

ახლად გამოჩეკილი ციცრის წიწილა პირველი სამი დღის განმავლობაში ნაკლებად მოძრავია, თვალები დახუჭული აქვს და გამათბობელთან ამჯობინებს ყოფნას.

გამოჩეკილი ციცრის წიწილის ხარისხის შემოწმება უმჯობესია მაშინ, როდესაც ინკუბატორიდან მისი გამოყვანის შემდეგ გაივლის 8-12 სთ. კარგ შედეგად ითვლება, როდესაც ჯანმრთელი, კონდიციური წიწილების რაოდენობა არ არის ჩაწყობილი კვერცხის საერთო ოდენობის 55-60%-ზე ნაკლები.

ავტორი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი.

თქვენი რეკლამა