ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ვრცელი სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივ ვაჭრობას, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებს.
ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე ე.წ. შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტვირთების აღნიშნულ დერეფანში მოზიდვის მნიშვნელობას და ამ კუთხით, ორივე ქვეყნის მთავრობათა ძალისხმევას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2024 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 25 პროცენტით, ექსპორტი კი 22 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლებით ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. მსგავსი დინამიკა 2025 წელსაც გაგრძელდა – იანვარი – მაისის პერიოდში, ბრუნვა 24 პროცენტით, ექსპორტი კი 20 პროცენტით გაიზარდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია. “ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორივე ქვეყნის ეკონომიკაში, და, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდება, და ჩვენ კიდევ უფრო მეტ ქართული წარმოების პროდუქტს ვიხილავთ ყაზახეთის ბაზარზე,” – აღნიშნა მინისტრმა.
ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო ტრანსპორტით თითქმის 1 მილიონი ტონა, ხოლო რკინიგზის მეშვეობით 2,7 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების მდგრადობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, რომელიც ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება, ისე ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ დერეფანს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი როგორც ევროპასა და აზიას შორის სანდო და ეფექტურ სატრანზიტო მარშრუტს.
„შუა დერეფანი ევროპა – აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობას, ისე სტაბილურობას. ამისთვის აუცილებელია მეტი კოორდინაცია, საინვესტიციო დანახარჯები და დერეფნის მონაწილე ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რათა დერეფანი გახდეს უფრო მეტად კონკურენტული,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახეთის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სატრანსპორტო – ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მთავრობის ძალისხმევით მიმდინარეობს. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, რკინიგზის მოდერნიზება და სხვ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ერლან აკენჟანოვთან, რომლის დროსაც მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის ენერგორესურსების, განსაკუთრებით, ნახშირწყალბადების ევროპაში ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით.
აღინიშნა, რომ ყაზახეთი ახორციელებს ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებას როგორც ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენით, ისე ბათუმის ნავთობ ტერმინალის მეშვეობით – მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, იგეგმება 1,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება.
ითქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რათა ყაზახეთმა მეტი ნახშირწყალბადის ტრანსპორტირება მოახდინოს საქართველოს სატრანზიტო დერეფნით და ამ მიზნით, მზადაა, განიხილოს ყაზახეთის მხარესთან პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები.

