სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს აგრარულ უნივერსიტეტთან და სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. წელს კომპანია კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა – ის აგრარული უნივერსიტეტის ერთ ახალწვეულს სრულად დაუფინანსებს სწავლას. ეს იღბლიანი ახალგაზრდა „აგრონომიის, ლანდშაფტის მენეჯმენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის“ პირველი კურსის სტუდენტი, ელენე უფლისაშვილია, რომელმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ეროვნულ გამოცდებზე.
ახალი ინიციატივის შესახებ „აგროსფეროს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, აკაკი ტოროტაძემ აგრარული უნივერსიტეტის Welcome Party-ზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენი კომპანია, „აგროსფერო“ ქართული სოფლის მეურნეობის ერთგული პარტნიორია და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს ამ სფეროს განვითარებაში. გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები არიან ის „ოქროს ფონდი“, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძლიერ მოსავალს მოუტანს. ამ რწმენის დასტურია ის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელიც გვაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან.
წელს გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – სტუდენტების განათლების ხელშეწყობა. ამიტომ კომპანია სრულად დააფინანსებს აგრარული უნივერსიტეტის კიდევ ერთ სტუდენტს, ელენე უფლისაშვილს. ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით მან აჩვენა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს თანადგომას.
გვჯერა, რომ ამ გზით ჩვენ ვთესავთ არა მხოლოდ ერთჯერად დახმარებას, არამედ გრძელვადიან ინვესტიციას ჩვენი ქვეყნის მომავალში“, – თქვა მან.
აკაკი ტოროტაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე, წარუდგინა პოსტერი, რომელზედაც ასახული იყო წარმატების კიბე სოფლის მეურნეობის პრინციპების მიხედვით. მან აღნიშნა, რომ ეს გზა ფერმერის ერთწლიან სამუშაო ციკლს ჰგავს.
„ყველაფერი იწყება თესლით. ამ შემთხვევაში ეს არის ცოდნა, რომელსაც აქ მიიღებთ. თესლს სჭირდება ნიადაგი – ეს არის შრომა, რომელსაც ყოველდღიური განვითარებისთვის გაიღებთ. შემდეგ მოდის ზრდა ანუ პროგრესი, რომელიც ცხოვრების ხარისხში აისახება. დაბოლოს, მოსავალი – თქვენი წარმატება.
„აგროსფეროს“ უნდა, რომ ამ გზის დასაწყისში, ამ კიბის პირველ საფეხურზე დაგიდგეთ გვერდით, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ხარისხიანი თესლი, სათანადო მოვლის პირობებში, კარგ ნიადაგზე კარგ შედეგებს გამოიღებს. ასევე ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი დარგის სპეციალისტი წარმატებული რომ გამოვიდეს, პირველ რიგში, საჭიროა ხარისხიანი ცოდნის მიღება. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან, ამიტომ ვაფინანსებთ ამ წარმატებულ ახალწვეულს და ამიტომ გვიყვარს ამ კიბის პირველ საფეხურზე მათ მხარში დგომა, ბიძგისა და მოტივაციის მიცემა, მხარდაჭერა და გამხნევება“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ „აგროსფერო“ მე-4 წელია ყოველწლიურად 6 წარჩინებულ სტუდენტს უნიშნავს სტიპენდიას. გარდა ამისა, ათობით ახალგაზრდას სთავაზობს პრაქტიკასა და სტაჟირებას კომპანიის მოწინავე ბაზებზე. „აგროსფერო“ ასევე მხარს უჭერს აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკულ საგანს „აგროპროექტს“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამოუკიდებლად ზრდიან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას. კულტურების გაზრდისთვის საჭირო ინოვაციურ პროდუქციას კომპანია უნივერსიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

