ლაგოდეხელი ფერმერის სწორი არჩევანი

თხილის, ბაღი, თხილი

ფერმერ დავით ლომიძეს ლაგოდეხში 43 ჰექტარზე თხილის ბაღი აქვს გაშენებული. ამ ეტაპზე, ძირითადად, ორი სახეობის თხილს უვლის. გარდა ამისა, მოჰყავს მარცვლეული კულტურები, ამზადებს საქონლის საკვებს და მომავალში ფიქრობს, რომ ზეთისხილის ბაღიც გააშენოს.

დავით ლომიძემ 2000-იანი წლების დასაწყისში კოოპერატივი „რკ კავკასიონი“ ჩამოაყალიბა და 2003 წლიდან მის მარცვლეული კულტურების მოყვანა დაიწყო: „2003 წლიდან ყოველწლიურად, სტაბილურად, 700–800 ცენტნერი ხორბალი, ქერი, შვრია და სიმინდი. მათ შორის, 300-400 ცენტნერი _ ხორბალი; 50-100 ცენტნერი _ ქერი“, – ამბობს დავით ლომიძე.

2015-16 წლებში ფერმერმა მარცვლეული კულტურების დასათესი ფართობი შეამცირა და გამოთავისუფლებული სავარგულების ნაწილი თხილს დაუთმო.

თხილის ბაღის გასაშენებლად 80 000 ლარის დაფინანსება„საქართველოს ბანკისგან“  მიიღო: „2015 წლის მიწურულს 43 ჰექტარი თხილი გავაშენე. ყველაფერი ეს „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით გავაკეთე, ძალიან მიდგანან მხარში და მხოლოდ მათი ხელშეწყობით და საკუთარი ძალით შევქმენი ეს მეურნეობა და არანაირი გრანტი არ მიმიღია.

2016 წელს გაშენებული ბაღიდან პირველი ნიშანი წლეულს მიიღო, მომავალ წელს კარგი მოსავალს ელოდება: „წელს გვქონდა ნიშანი და ინტენსიურ მოვლაზე გადავედი, მანამდე შუაგულში ბალახებს ვთესავდი და ცოტა დააკნინა თხილი, მაგრამ ახლა უკვე აღვადგინე, კარგად არის გამართული და მომავალი წლიდან უკვე დაახლოებით 40%-იან მოსავალს ველოდები“.

ფერმერს ძირითადად ორი სახეობის თხილი: „ანაკლია“ და ადგილობრივი კახური, „გავაზური“ აქვს გაშენებული. ამბობს, რომ ამ ორ სახეობას აქვს როგორც დადებით, ასევე უარყოფითი მხარეც:

„გავაზური“უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი მოხმარების თხილად. იგი მდგრადია ყველანაირი ავადმყოფობისა და გვალვების მიმართ. არ სჭირდება ზედმეტი გამოკვება, ზედმეტი წამლობა. ფაქტობრივად, დაავადება არ უჩნდება. „ანაკლიური“ თხილი შედარებით რთული მოსავლელია, იმიტომ, რომ 6-7 მარტო წამლობა უნდა, ის ჭრაქზე, ნაცარზე და ყველა დაავადების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა და კარგი მოვლა სჭირდება.

მოსავალს როცა ვიღებთ, დავაკვირდით და ერთ ტომარაში პირობითად, „ანაკლიური“ 3-4 კილოგრამით მეტი ჩადის. მას გული, ანუ შიგთავსი სუფთა აქვს, ამიტომ, თუ ყველა სტანდარტის დაცვით მოიყვან ანაკლიურ თხილს, შეიძლება ეს უკვე ქვეყნის გარე ბაზარზეც გაიტანო.

„გავაზური“ ვიზუალურად კარგია, მაგრამ შიგნით ცოტა ხაოიანი ნაყოფი აქვს, ამიტომ მას უჭირს სტანდარტებში ჩაჯდეს. თუმცა ადგილობრივი მოხმარებისთვის კარგია. საერთო ჯამში, რეალიზაცია არ მიჭირს“– ამბობს  დავით ლომიძე.

სამომავლოდ დავით ლომიძე გეგმავს, რომ მეთხილეობა ინტენსიურად განავითაროს​, დაამატოს ახალი ჯიშებიც: 10 ჰექტარზე „ჯიფონის“ ჯიშის თხილის დამატება მინდა, ასევე ადგილობრივი ჯიშის, რომელსაც ბერძნულას უძახიან, მაგრამ სუფთა ქართული ჯიშია, გურიიდან წამოსული და კულტივაცია განიცადა ჩვენთან, საკმაოდ კარგი ნაყოფი აქვს და ალბათ 5 ჰექტარს იმასაც გავაშენებ. თუ ჩემი ნიადაგი შეძლებს, ზეთისხილის გაშენებაც მინდა, 10 ჰექტარზე და ასეთი მიმართულება მაქვს აღებული“.

ფერმერი ამბობს, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებს, წინასწარ ნიადაგზე ცდის, თუ კლიმატურ პირობებს კულტურა კარგად ეგუება, შემდეგ იწყებს მის გაშენებას. ასე იყო თხილის რამდენიმე ჯიშის შემთხვევაშიც: „ყველაფერი, სადაც ვაკეთებ წინასწარ კვლევებს ეფუძნება, რადგან საკმაოდ გამოცდილი ვარ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, თხილის ჯიში „ჯიფონი“ მქონდა 2-3 წლის წინ, დავრგე, შევხედე და ახლა უკვე ვიცი, რომ უნდა გავაშენო ესეც“.

ისევ აგრძელებს მარცვლეული კულტურის მოყვანას და აქედან გამომდინარე შეუძლია დანაკარგების გარეშე 15-20 სული პირუტყვიც თავისუფლად შეინახოს: „მაგალითად, 70 ჰექტარი ხორბალი მითესია, 10 ჰექტარი ქერი მაქვს, სულ ახალი კარგი ჯიშები შემოვიტანე. 25 ჰექტარი სიმინდი მექნება, როცა მოსავალს ვიღებ იქ კიდევ ვთესავ სასილოსე სიმინდს და ცხოველებისთვის საკვებს ვამზადებ. ასე რომ სამუშაო მუდმივად მაქვს, დანაკარგების გარეშე ყოველწლიურად 15-20 სულ საქონელს მაინც ვინახავ. საკუთარ ფართობებზე წარმოებული საკვებით ვკვებავ, ისე უფრო მარტივია, საკვებს რომ ვყიდულობდე, რთული იქნება, თუმცა მეცხოველეობის მიმართულების გაფართოებას და განხრით მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ“, – ამბობს დავით ლომიძე.

თაკო ფეიქრიშვილი, ლაგოდეხი, 2022 წ.

თქვენი რეკლამა