
მრავალწლიან ხეხილში, უმეტესობა საკვები ნივთიერებების შეთვისება ხდება ყვავილობასა და აქტიური ვეგეტატიურ ზრდის შორის პერიოდებში. ბლის ფესვების განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა გაზაფხულზე მიაღწევს 150C, რაც ზოგიერთ რეგიონებში ემთხვევა ბლის ყვავილობის პერიოდს. მკვლევარების, არტაჩოსა და ბონომელის (2016) მიხედვით, საძირე გიზელა 6-ზე ნამყენი ჯიშები, ფესვების ზრდას და საკვების ნივთიერებების შეთვისებას იწყებენ სრული ყვავილობიდან დაახლოებით 30 დღის შემდეგ, ეს მაშინ, როდესაც ნაყოფების ზრდის ყველაზე აქტიური პერიოდია სრული ყვავილობიდან 21-28 დღეების შუალედი…
ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ბლის სასტარტო ზრდა, რომელშიც შედის ყვავილობა, სანაყოფე თაიგულების ფოთლების სიდიდე, მიმდინარე წლის ყლორტების და ნაყოფების ჩამოყალიბება და ზომაში ზრდის დასაწყისი – დამოკიდებულია წინა სავეგეტაციო წლის განმავლობაში დაგროვილ რეზერვებზე მცენარის ფესვებში, ტოტებსა და კვირტებში.
აქედან გამომდინარე, საჭირო ელემენტებით მცენარის გამოკვება უნდა განხორციელდეს სწორ პერიოდებში და შესაბამისი მიდგომებით.
მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გავარკვიოთ სასუქების გამოყენებისას, ანუ მცენარეთა გამოკვებისას, მდგომარეობს შემდეგში: კარგად გავაცნობიეროთ რა გვჭირდება და რა პერიოდში მათი გამოყენება?! პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა ვიცოდეთ რა რაოდენობის საკვებ ელემენტებს მოითხოვს თქვენს ბაღში ნავარაუდევი მოსავალი, ხოლო მეორე შეკითხვაზე პასუხი კი დაკავშირებულია ნიადაგსა და მცენარეში საკვები ნივთიერებების ციკლთან. მაგალითისათვის, ისეთი მოძრავი ელემენტის გამოყენება, როგორიცაა აზოტი, მოითხოვს დროის უფრო კონკრეტულ მონაკვეთებს, ვიდრე არამობილური ელემენტი ფოსფორი…
აზოტი (N)
მოძრავია ნიადაგში და მცენარეში. მაღალმოსავლიან ბლის ბაღებში მასზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე მცენარემ შეიძლება მიიღოს ნიადაგიდან და სარწყავი წყლიდან. აზოტის საჭიროება 1 ტონა ბლის მოსავლის მისაღებად, მერყეობს 1.3-6.5 კგ სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით. (სურათი 1).
ანალიზი
დეფიციტი ძირითადად გამლიხატება შეზღუდულ ზრდაში, ფოთლების გაყვითლებასა და მომცრო ზომის ნაყოფებში. გადაჭარბება აისახება ძლიერ ვეგეტატიურ ნაზარდში, მწიფობაში დაგვიანებით შესვლასა და ნაყოფის დაბალ ხარისხში (სირბილე და გაუფერულება).
ნაკლებობის სიმპტომები იწყება ყლორტის ქვედა ფოთლებიდან. ფოთლის ანალიზში საერთო აზოტის მაჩვენებლი კარგი ინდიკატორია მცენარეში აზოტის სიჭარბის თუ ნაკლებობის დასადგენად.
გასათვალისწინებელია, რომ ვეგეტაციის დასაწყისში, ფოთოლში აზოტის შემცველობა მაღალია (3%-მდე), ხოლო ფოთოლცვენის წინ კი შესაძლოა 1 %-ზე ჩამოვიდეს. ფოთლის ანალიზისათვის საჭიროა შეგროვდეს ერთწლიან ნაზარდებზე განლაგებული ზრდასრული ფოთლები. ნიადაგის ანალიზში ასახული აზოტის მაჩვენებლები (ნიტრატული/ამონიუმის ფორმები NO3/NH4) არ არის საკმარისი მცენარეთა აზოტოვანი კვების დაგეგმვისას.
მართვა
მცენარეები აზოტს შეითვისებენ ნიტრატის (NO3) და ამონიუმის (NH4) სახით. ერთერთი მიდგომაა აზოტის მიწოდება გამოითვალოს მოსალოდნელი მოსავლის მიხედვით (ცხრილი N1). ნიადაგიდან მცენარესთვის მისაწოდებელი აზოტის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა მისი ორგანული ნაწილი.
დაახლოებით 5 კგ-მდე აზოტი გამოიყოფა, ნიადაგში არსებული ყოველი 1 % ორგანული მასალიდან. ასევე, არსებობს ისეთი სარწყავი წყლები, უმეტესწილად ჭაბურღილები, რომელთა შემადგენლობაშიცაა ნიტრატი, შესათვისებელი აზოტის ერთერთი ფორმა. სარწყავი წყლის შესაბამისი ანალიზის შემთხვევაში, არსებობს ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია გამოითვალოს, თუ რა რაოდენობის ნიტრატული აზოტი მიეწოდებათ მცენარეებს.
ამრიგად, ნიადაგის ორგანული ნაწილიდან და სარწყავი წყლიდან მიღებული აზოტის გამოთვლა, ხელს უწყობს ამ ნივთიერების საჭირო რაოდენობით გამოყენების უფრო ზუსტად დადგენას. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ აზოტი ძალიან მოძრავი ელემენტია და ბევრ მნიშვნელოვან დანაკარგებთან არის დაკავშირებული მისი არასწორი ხერხებით გამოყენება.
მოსაზრებები
ისეთი არაორგანული სასუქების, როგორებიცაა კარბამიდი, კალციუმის ნიტრატი, მონოამონოუმის ფოსფატი და სხვა, გამოყენების დაწყება მიზანშეწონილია გვირგვინის ფურცლების ცვენიდან – მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე პერიოდის ჩათვლით.
ჭარბი აზოტის გამოყენება კრეფვის პერიოდთან ახლოს, ხელს უშლის ნაყოფის შეფერვას და სიმწიფეში შესვლას. თუ ბლის ხეები აშკარად ძლიერ მზარდია ან მცირე მოსავალს ველოდებით (წაყინვის ან ცუდი დამტვერვის გამო), გამოსაყენებლი აზოტის რაოდენობის ცვლილება უნდა მოხდეს პირვანდელ გეგმაში.
წვეთოვანი სისტემის არსებობა, გვეხმარება შევამციროთ აზოტის აორთლქებით გამოწვეული დანაკარგები და უფრო დროულად მივაწოდოთ ეს მნიშვნელოვანი ელემენტი მცენარეს, განსაკუთრებით კი ქვიაშიან ნიადაგებში. თუ აზოტი შეგვაქვს ნიადაგის ზედაპირზე მობნევით, საჭიროა მორწყვა ხსნადობის და ნიადაგის პროფილში გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
შემოდგომით, აზოტის ფოთლოვანი შესხურება, დაგვეხმარება ამ ელენეტის რეზერვების შესაქმნელად მომავალი სეზონისთვის. შემოდგომითვე აზოტის ნიადაგში შეტანის გზით გამოყენება, არ არის გამართლებული მიდგომა.
ფოსფორი (P)
ძალიან არა მოძრავი ნიადაგში და ძლიერ მოძრავი მცენარეში. მცენარეები ფოსფორს შეითვისებენ H2PO4 იონის სახით. ბლის მიერ მისი მოთხოვნილება დაბალია, შედარებით აზოტისა და კალიუმისგან. Silva and Rodriguez (1995) დაყრდნობით, დაახლოებით 700 გ ფოსფორს მოიხმარს ბლის ნარგაობა 1 ტონა მოსავლის მისაღებად.
მაგალითისათვის, ნიადაგებს ვაშინგტონის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით სილნარ ნიადაგებს, ხელმისაწვდომი ფოსფორის დაბალი დონე გააჩნიათ, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ არის ბლის ნარგაობის მიერ ფოსფორის ექსტრაქცია-შეთვისების დონე ვაშინგტონის შტატში გავრცელებულ ჯიშებში, 300-400 გრამი 1 ტონა მოსავალზე.
ანალიზი
დეფიციტს ახასიათებს ზრდის შეზღუდვა და ფოთლების მუქი წითელი შეფერილობა, გაძლიერებული ანტოციანური პიგმენტაციის გამო. ვინაიდან, ფოსფორი ძლიერ მოძრავია მცენარეში, თავდაპირველი სიმპტომები შესამჩნევია ყლორტის ქვედა ფოთლებზე (სურათი N1).
მართვა
ოლსენის ტესტი კარგი მეთოდია, ნიადგაში ფოსფორის შემცველობის განსაზღვრისთვის. ნიადაგებში ფოსფორის შემცველობის დონე სასურველია შეადგენდეს 15-40 მგ/კგ. თუ ოლსენის მეთოდით გამოთვლისას, ნიადაგში ფოსფორის დონე უფრო დაბალია ვიდრე 15 მგ/კგ, სასურველია ჰექტაზრე 50 კგ-მდე ფოსფატის (P2O5, ფოსფოროვანი სასუქი) შეტანა, რომელიც საკმარისი იქნებოდა 2-3 წლის მანძილზე. ხოლო თუ ფოსფორის შემცველობა უფრო დაბალია, ვიდრე 5 მგ/კგ, მაშინ ფოსფორის დონის გამოსასწორებლად საჭირო იქნება რამდენიმე წელზე გათვლილი მოქმედებები.
იქიდან გამომდინარე, რომ ფოსფორი ნიადაგში ძალიან ნელა გადაადგილდება, მისი გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს და ერთბაშად, დანაკარგების რისკების გარეშე. მისი ძალიან ცუდი მობილურობა, ასევე აძნელებს მის გადაადგილებას ნიაფაგის სიღრმეში, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს დეფიციტის სიმპტომებამდე, რადგან დროულად ვერ მიაღწევს ფესვების ზონამდე. ამიტომ, გრანულირებული სახით შეტანისას, მნიშვნელოვანია რომ ფოსფორი დარგვამდე იქნეს მოხვედრილი ნიადაგში.
მოსაზრებები
ფოსფორის ათვისებადობა შეზრუდულია pH 6.5 ქვემოთ და 7.5 ზემოთ. ზოგადად, პეაშის დარეგულირება დადებითად იმოქმედებდა სხვა ელემენტების შეთვისებაზეც.
თუ ფოსფორი საკმარისადაა ნიადაგში და საკვები ელემენტების დონე მცენარეში მაინც დაბალია, პრობლემა შესაძლოა იყოს ნემატოდები, სხვადასხვა პათოგენები, წყლის ნაკლებობა ან გადაჭარბებით მოხმარება და ა.შ.
კალიუმი (K)
კალიუმის მობილურობა ნიადაგში დამოკიდებულია ნიადაგის ტექსტურასა და კათიონების გაცვლის კომპლექსზე. ქვიშნარ ნიადაგებში, კალიუმი შესაძლოა ძლიან მოძრავი იყოს და ჩაირეცხოს ფესვების ქვედა ზონებში, განსაკუთრებით მიგდებით მორწყვის პირობებში. შედარებით მძიმე ნიადაგებში კალიუმს ახასიათებს ნაკლები მობილურობა და შეუძლია ხანგრძლივად დაგროვება ნიადაგში. მცენარეში კალიუმი ძალიან მოძრავია და 1 ტონა ბლის მოსავალზე, 2-3 კგ-მდე მერყეობს მისი მოთხოვნილება.
ანალიზი
დეფიციტის სიმპტომები თავდაპირველად ვლინდება ყლორტის ქვედა ფოთლებზე, მისი კიდეების გაყვითლებით ან/და ნეკროზით (ფოტო 2 და 3). კალიუმის ნაკლებობა ასოცირდება ნაყოფის ზომის და მასში ხსნადი ნივთერებების შემცირებასთან. კალიუმის ტოქსიკურობა სიმპტომებით გამოვლენილი არ არის, თუმცა მისმა გადაჭარბებით გამოყენებამ ნიადაგში, შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა კათიონების, კალციუმის და მაგნიუმის ათვისებას, გამოიწვიოს რა საკვებვი ელემენტების დისბალანსი და ნაყოფის ხარისხის გაუარესება.
მართვა
სასურველია კალიუმის რაოდენობა ნიადგაში შენარჩუნდეს 150-300 მგ/კg (ppm) ფარგლებში. თუ კალიუმის დონე 300 მგ/კგ მაღალია, მაშინ არ არსებობს სასუქის სახით მისი დამატების საჭიროება ბლის ნარგაობაში. ხოლო თუ ნიშნული დაბალია 150 მგ/კგ, მაშინ მისაღებია დაემატოს 55 კგ-მდე კალიუმი (K2O) სასუქის სახით. კარგი ვარიანტია, მომდევნო წლებში, ნიადაგის ანალიზით კალიუმის დონის გაკონტროლება. მისი გამოყენების დრო, ფოსფორის მსგავსად არის შეზღუდული თიხნარ და თიხა ნიადაგებში, ხოლო ქვიშიან ნიადაგებში, უკეთესია თუ გავანაწილებთ გაზაფხულზე, მსგავსად აზოტისა.
მოსაზრებები
კომპოსტი და ნაკელი შესაძლოა შეიცავდნენ დიდი რაოდენობით კალიუმს. მათი ანალიზების ცოდნა დაგვეხმარებოდა კალიუმის დოზების კორექტირებაში.
თუ კალიუმი საკმარისადაა ნიადაგში და საკვები ელემენტების დონე მცენარეში მაინც დაბალია, პრობლემა შესაძლოა იყოს ნემატოდები, სხვადასხვა პათოგენები, წყლის ნაკლებობა ან გადაჭარბებით მოხმარება და ა.შ.
თუ ფესვების მიერ კალიუმის შეთვისება არასაკმარისია გარკვეულ მომენტებში, ფოთლოვანი შესხურება გამართლებულია მოკლევადიანი პერიოდისთვის, ხოლო გრძელვადიანში საჭიროა ფესვიდან მიწოდება და ნიადაგში მისი კორექტირება.
კალციუმი (Ca)
ნიადაგში მობილურობა დამოკიდებულია ნიადაგის ტექსტურასა და კათიონების გაცვლით კომპლექსზე. ქვიშნარ ნიადაგებში, კალციუმი შესაძლოა ძლიან მოძრავი იყოს და ჩაირეცხოს ფესვების ქვედა ზონებში, განსაკუთრებით მიგდებით მორწყვის პირობებში. შედარებით მძიმე ნიადაგებში კალციუმს ახასიათებს ნაკლები მობილურობა და შეუძლია იყოს მიბმული თიხის და ორგანული ნაწილის უარყოფითად დამუხტულ კოლოიდებთან.
კალციუმის მაღალი შემცველობები ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნიადაგის მაღალ პეაშთან და კირქვიან ნიადაგებთან. როდესაც კალციუმის შეთვისებადობა შეზღუდულია მაღალი (>9.5) და დაბალი (<5.5) პეაშის შემთხვევაში, ფესვების ზონაში არსებული კალციუმის შესათვისებელი ნაწილი, მუდმივ წონასწორობაშია ფესვებს ზონის გარეთ მყოფ შეუთვისებელ ნაწილთან.
1600 მგ/კგ და მეტი კალციუმის არსებობისას, ნიადაგში დამატებითი შეტანა მის შეთვისებადობას არ ამაღლებს. სარწყავი წყალიც შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცალციუმს და მის კარბონატებს, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომი ფორმებია მცენარეთა ფესვებისთვის.
1 ტონა მოსავლისთვის, ბალს ნიადაგიდან შესათვისებლად ესაჭიროება 140-180 გრამი კალციუმი.
ანალიზი
კალციუმი მცენარის უჯრედის კედლის შემადგენელი ნაწილია და მის სიმტკიცეში დიდ როლს ასრულებს. კალციუმის ნაკლებობა ბალში დაკავშირებულია ნაყოფების დასკდომასა და ნაკლებ სიმკვრივესთან. მაღალი კალციუმის შემცველობის მქონე ნაყოფები, კუტიკულის შემცირებული გამტარიანობით და უჯრედების კედლის სიმყარით ხასიათდებიან.
მართვა
ფოთლის ანალიზი კარგი ვარიანტია მცენარეში კალციუმის შეთვისების დასადგენად, თუმცა ეს მაჩვენებელი კორელაციაში არაა უშუალოდ ნაყოფში შემავალ კალციუმის დონესთან.
რამდენიმე ფაქტორია, რაც ზღუდავს ამ ელემენტის შეთვისებას ნაყოფებში. აზოტის მაღალი შემცველობები და ჭარბი ვეგეტატიური ზრდა, დაჩრდილვა, სტრესი და ა.შ.
თუ ფოთლის ანალიზით კალციუმის შემცველობა დაბალია, ნაყოფშიც ანალოგიურად ნაკლები იქნება მაგრამ, ფოთოლში ადეკვატური რაოდენობის კალციუმი, ყოველთვის არ ნიშნავს იგივეს ნაყოფშიც.
გაცვლითი კალციუმის სტანდარტული ნიადაგის ანალიზი კარგი საშუალებაა, ნიადაგში ასათვისებელ ფორმებში მყოფი კალციუმის დონის დასადგენად. თუ მაჩვენებელი 800 მგ/კგ დაბალია, მისი გამოსწორება შესაძლებელია შესაბამისი საშუალებების გამოყენებით.
თაბაშირი (CaSO4) ეკონომიკურად გამართლებული წყაროა კალციუმის, რომელიც ასევე შეიცავს სულფატებს. ხოლო თუ აზოტის დონეც დაბალია, კაცლიუმის ნიტრატი კარგი ვარიანტია ამისათვის. თუკი ხსნადი მარილების დონე ნიადაგში არ ქმნის პრობლემას, კალციუმის ქლორიდიც კარგ ეკონომიურ ალტერნატივას წარმოადგენს.
ფოთლოვანი შესხურება არ არის ისეთივე ეფექტური, როგორიც ნიადაგში შეტანისას.
მხოლოდ განსაზღვრულ მომენტებშია შესაძლებელი მისი ჩანაცვლება:
– ნიადაგში კალიუმის (K) მაღალი შემცველობისას (300 მგ/კგ და ზემოთ).
– ცივი და მშრალი ნიადაგური პირობებისას (-150C) ბლის სრული ყვავილობის შემდეგ.
– თუკი კალციუმის (Ca) შეთვისება გართულებულია ნემატოდების, სხვადასხვა პათოგენების, წყლის ნაკლებობის ან გადაჭარბებით მოხმარების გამო და სხვ.
კალციუმის ფოთლოვანი შესხურების გზით გამოყენება წვიმისმიერი დასკდომის საწინაღმდეგოდ, ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, თუმცა შედეგები არაა ყოველთვის ერთგვარი და დამაკმაყოფილებელი.
მოკრეფილი ბლის დამუშავება კალციუმის ქლორიდის წყალხსნარით, ცნობილია როგორც ნაყოფის შემდგომი დახეთქვის თავიდან ასაცილებელი და ყუნწის მწვანედ შენახვის საშუალება. რეკომენდებული დოზაა კალციუმის ქლორიდის 0.2-0.5 % წყალხსნარში (2000 – 5000 ppm CaCl2) ნაყოფების 5 წუთიანი დაყოვნება, ხოლო შემდეგ ცივი წყლის (00C) ჭავლით მათი გავლება 15 წუთის განმავლობაში, რაც ზრდის ნაყოფების სიმკვრივეს და კანის ბზინვარებას.
მოსაზრებები
– მცენარის მიერ კალციუმი მაქსიმალურად მოხმარება იწყება გაზაფხულიდან, სრული ყვავილობიდან დაახლოებით 25 დღეში, რასაც თანს სდევს ახალი ფესვთა სისტემის ზრდა.
– თუ ნიადაგის პეაში მაღალია 8.5 ან მაღალია კარბონატობა, უმჯობესია პეაშზე ზრუნვა, ვიდრე კალციუმის დამატებით შეტანა ნიადაგში.
– ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე ნიადაგებში, თაბაშირის შეტანას შეუძლია ჭარბი ნატრიუმის მოცილება და სტრუქტურის გამოსწორება. ამისათვის საჭიროა დამატებით კარგი დრენაჟის არსებობა, ნატრიუმის განსადევნად ქვედა ფენებში.
– კალციუმის ქლორიდი არაა რეკომენდებული ხსნადი მარილების მაღალი შემცველობის და ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგებში.
მაგნიუმი (Mg)
ნიადაგში მობილურობა დამოკიდებულია ნიადაგის ტექსტურასა და კათიონების გაცვლით კომპლექსზე. ქვიშნარ ნიადაგებში, მაგნიუმი შესაძლოა ძლიან მოძრავი იყოს და ჩაირეცხოს ფესვების ქვედა ზონებში, განსაკუთრებით მიგდებით მორწყვის პირობებში. შედარებით მძიმე ნიადაგებში კალციუმს ახასიათებს ნაკლები მობილურობა და შეუძლია იყოს მიბმული თიხის და ორგანული ნაწილის უარყოფითად დამუხტულ კოლოიდებთან. მაგნიუმი საშუალოდ მობილურია მცენარეში. 1 ტონა მოსავალზე მისი მოთხოვნილებაა 100-140 გრამის ოდენობით (ცხრილი N1).
ანალიზი
ვიზუალური სიმპტომები ფოთოლზე შესამჩევია ყლორტის ქვედა ნაწილებზე (სურათი N3).
ფოთლის ანალიზი კარგი მაჩვენებლია მცენარესა და ნაყოფში მაგნიუმის დონის დასადგენად.
მართვა
როდესაც მაგნოუმი ნიადაგში დეფიცტშია, მისი გამოსწორება შესაძლებელია 15 კგ-მდე მაგნიუმის სულფატის შეტანით. ფოთლოვანი გამოყენებაც ასევე ეფექტური საშუალებაა დეფიციტის შესამცირებლად, მაშინ როდესაც ფესვიდან შეთვისება გართულებულია ან ნიადაგში კალიუმის მაღალი დონეა. როგორც უმეტესობა საკვები ელემენტებისა, მაგნიუმის შეთვისებაც მაქსიმალურია მცენარის სწრაფი და აქტიური ზრდის პერიოდში.
მოსაზრებები
ნიადაგში კალიუმის მაღალ შემცველობას (>300 მგ/კგ) შეუძლია შეაფერხოს მაგნიუმის ათვისება.
კირისა და კალციუმის სულფატის გადაჭარბებული დოზებით გამოყენებამ შესაძლოა დაბლოკოს მაგნიუმის შეთვისება.
გოგირდი (S)
მოძრავია ნაიდაგში და მცენარეში. მისი დეფიციტის კორექტირება სირთულეს არ წარმოადგენს.
ანალიზი
ფოთოლზე გამოხატული სიმპტომები მსგავსია აზოტის ნაკლებობისა. ფოთლის ანალიზი დაგვეხმარება დეფიციტის დიაგნოსტიკაში.
მართვა
თუკი ნიადაგში გოგირდის დონე დაბალია, მის კორექტირებაში დაგვეხმარებოდა ისეთი სასუქები, როგორებიცაა: კალციუმის სულფატი, მაგნიუმის სულფატი, თუთიის სულფატი და სხვ. თუ საჭიროა, თაბაშირის შეტანაც ერთდროულად გამოასწორებდა გოგირდის და კალიციუის ნაკლებობას.
მოსაზრებები
ფოთლოვანი შესხურებისას, მათი დამწვრობა მოსალოდნელია თუ ტემპერატურა აჭარბებს 30 0C.
ბორი (B)
მოძრავი ნიადაგში და ძალიან ნელა მოძრავი მცენარეში. მისი ათვისებადობა შესაძლოა შეფერხდეს 7.0-8.5 პეაშს შორის დიაპაზონში. ასევე, დამატებითი შემზღუდველი მიზეზებია ცივი ნიადაგური და მშრალი კლიმატური პირობები გაზაფხულზე.
ანალიზი
ბორი ფუნდამენტური ელემენტია ფესვებისა და ყლორტების მერისტმული ზრდის საკითხში. ძალიან გამორჩეული სიმპტომია, მისი ნაკლებობისას ყლორტების წვეროს წახმობა. ასევე, დიდ როლს თამაშობს საყვავილე ორგანოების ჩამოყალიბებაში და მის დეფიციტი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ნაყოფმსხმოიარობასა და მოსავალზე. ფოთლის ანალიზი კარგი მაჩვენებელია მცენარეში ბორის შემცველობის, ოღონდ კალციუმის მსგავსად, სწორ კორელაციაში არ არის ნაყოფში მის შემცველობასთან.
მართვა
ნიადაგში ბორის ადეკვატური დონეა 0.5-1.5 მგ/კგ. დეფიციტის დროს, გაზაფხულის ან გვიანი შემოდგომის ფოთლოვანი შესხურებები, კარგი რეკომენდაციაა უკეთესი ნაყოფმსხმოიარობისთვის. შესასხურებელი დოზები სწორედ უნდა დაანგარიშდეს, რადგან ტოქსიკურობა ადვილად დგება, თუნდაც დოზების მცირედი გადაჭარბებით. ფოთლოვანი შესხურებისას, სუფთა ბორის რაოდენობამ ჰექტარზე არ უნდა გადააჭარბოს 0.5 კგ.
რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), სპილენძი (Cu) და თუთია (Zn)
ამ ელემენტებნზე დამოკიდებულება მცირეა, მაგრამ აუცილებელია ზრდა-განვითარებისა და ნაყოფის ხარისხისთვის. მათი დეფიციტი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ნიადაგის მაღალი პეაშით და ფესვების ასფიქსიით (ჭარბი წყალი და ჟანგბადის დეფიციტი). ასეთი პირობებისას, ამ ელემენტების მოძრავი ფორმები გამოილექებიან და გადადიან მცენარეთათვის შეუთვისებელ ფორმებში.
ანალიზი
თუთიისა და რკინის ნაკლებობის სიმპტომები ადვილი შესამჩნევია. თუთიის დეფიციტისას, მცენარეს ახასიათებს მოკლე მუხლთაშორისები ყლორტებზე, პატარა ფოთლები და როზეტები, რის შემდეგაც ყალიბდება ბევრი შიშველი ადგილები ტოტებზე და მთლიან ხეზე. რკინის დეფიციტის სიმპტომებიც გამორჩეულია მწვანე მასის აშკარა გაყვითლებით (სურათი 4). მაღალი პეაშის პირობებში, რკინის დეფიციტი აშკარად გამოკვეთილია, რასაც შეუძლია სხვა სიმპტომების ვიზუალური გადაფარვა. მისი დეფიციტი იწყება ახალ ფოთლებზე.
მანგანუმისა და სპილენძის დეფიციტი კი შედარებით შეუმჩნეველია და ადვილად ვერ ამოიცნობა.
მართვა
როდესაც მეტალური მიკროელემენტების ნაკლებობა გამოწვეულია ნიადაგის მაღალი პეაშის გამო, მათი ნიადაგში დამატების გზით კორექტირება არაეფექტურია, მიხედავად იმისა, რომ სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში გამოყენებული ხელატური ფორმის მიკროელმენტები, კარგ შედეგებს იძლეოდნენ. თუთიის ფოთლოვანი შესხურება გახანგრძლივებულ მოსვენების პერიოდში ან გაზაფხულზე, კარგ შედეგებს იძლება ამ ელემენტის ნაკლებობისას. ხოლო, როდესაც დეფიციტის სიმტომები ვლინდება ვეგეტაციური სეზონის დროს, ხშირი შესხურებები უკეთესია მათ აღმოსაფხვრელად, მიკროელემენტების მცენარეში ნაკლები მობილურობის გამო.
იმის გასაკონტრელებლად, ვართ თუ არა სწორ გზაზე, ფოთლის ანალიზის ჩატარება კარგი საშუალება გახლავთ. ამით დავადგენთ, თუ რამდენად ხდება ამათუიმ მიკროელემენტის ათვისება და მცენარეები განიცდიან მათ დეფიციტს თუ მოჭარბებას.
სიმპტომების ვიზუალური შეფასებაც საჭირო უნარია, საკვები ელემენტების ნაკლებობის ან სიჭარბის დასადგენად მაგრამ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ისინი შესაძლოა აგვერიოს ან სიმპტომის გადაფარვა მოხდეს სხვადასხვა მავნებელ-დაავადებების მიერ მიყენებელი დაზიანებებით, პესტიციდური სტრესით, არასწორი რწყვით და კლიმატური პირობებით გამოწვეული მოვლენებით (ქარი, სიცხე).
სტატიაზე იმუშავა:
აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი
კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717
წყარო: Nutrient Management in Sweet Cherries. Washinton State University.
https://treefruit.wsu.edu/nutrient-management-in-sweet-cherries/