რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ოქტომბერში-ბაღსა და ბოსტანში

ბაღი, ბოსტანი, ბაღჩა

შემოდგომის შუაგული ჩვენში მიწასთან სამუშაოდ, ასე ვთქვათ „მკვდარი სეზონია“, თუმცა, არსებობს რიგი სამუშაოებისა, რომლის შეუსრულებლობა მაინც შემაფერხებელ ეფექტს იქონიებს ჩვენი ბაღჩა-ბაღების მოსავლიანობაზე.

გადავხედოთ გარემოს, ადგილებს ჩვენს ბოსტნებში, სადაც ტერიტორია გათავისუფლდა ზრდადასრულებული და უკვე აღებული თუ მოლეული ბოსტნეულისგან. მოვფოცხოთ ეს ადგილები და მასა გავიტანოთ სპეციალურ დიდ მულჩებზე, რომლისთვისაც რამდენიმე ადგილი გვაქვს ჩვენს კარმიდამოში მიჩნეული, ადრინდელი რჩევების გათვალისწინებით.

მოვახდინოთ ამ ნარჩენი ნეშომპალას გადაბრუნება, არევ-დარევა, მერე ისევ კარგად შემოკალთავება და დავაფაროთ ცელოფანი ან თუნუქის ფირფიტები. ასე ძალიან კარგად ხდება ორგანული ნივთიერებების დაშლა, მათი მინერალიზაცია, ჭიაყელები აქტიურად მუშაობენ და საგაზაფხულოდ ჩვენ მომზადებული გვექნება საუკეთესო ნიადაგი ახალი ბოსტნეულის დასათესად.

ასევე გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოვახდინოთ განიერი ფართით, ორი-სამი ბარის პირის სიმაღლის ორმოს ამოღება, რომელშიც პერიოდულად უნდა ჩავყაროთ ნაკელი, ნახვეტი ფოთლები და სხვადასხვა ნარჩენები, ნაცარი. ასე ჩავყაროთ ფენა-ფენა და ხანდახან გადავაბრუნოთ.

ამ ორმოებში გაზაფხულზე პირდაპირ ჩავთესავთ კვახს, კიტრს. ხოლო ლობიოსთვის ფართი ცოტათი ნაკლები უნდა იყოს.

ანალოგიურად მოვამზადოთ ორმოები სხვადასხვა კულტურებისთვისაც (კივი, ფეიხოა, პავლონია, სხვადასხვა სახეობის ვარდები თუ ბუჩქოვანი ყვავილები). გახსოვდეთ, ასე მომზადებული ორმოები სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის თუ მრავალწლოვანი ხეხილის დასარგავად ბევრად უკეთესია, ვიდრე დარგვის თუ დათესვის ჟამს ბევრნაირი მინერალით შეზავებული ნიადაგი.

ასევე, ჩვენს აქტიურ მეურნეებს ვურჩევთ და შევახსენებთ, რომ აუცილებლად ოქტომბრის დასაწყისში დათესონ ცერცვი. ასევე თვის დასაწყისში დათესეთ ქინძი.

გირჩევთ ამ ეტაპზეც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი თესვა არ ხდება, ახედეთ მთვარეს _ აღმავალი მთვარის პერიოდში, მიწისზედა ნაწილის სარგებლის მომტანი ბოსტნეული დათესეთ. დაღმავალი მთვარის პერიოდში კი, მიწის ქვედა ნაწილში ნაყოფის მომცემი (მაგალითად, კარტოფილი, ჭარხალი, ბოლოკი) მომცემი კულტურები.

ავტორი: მარინე ჩიხლაძე; gurianews.com

თქვენი რეკლამა