ნივრის ესპანელმა მწარმოებლებმა გადალახეს რა ჩინური კონკურენცია, შეძლეს არამარტო აღედგინათ დაკარგული პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ესპანური ნიორი ექსპორტზეც გააქვთ ევროპაში.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ კორდობას ფერმერები (კორდობა, ესპ. Córdoba – პროვინცია სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში) შეწუხებულები აცხადებდნენ ჩინური ნივრის ექსპანსიის შესახებ, რომელმაც ადგილობრივი ბაზარი დაიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ნიორი გემოვნური თვისებებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ესპანურ ნიორს, რომელიც თავის მხრივ რეგიონალური კულინარიული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია, დაბალის ფასით იმპორტირებულმა ნიორმა ადგილობრივი ჩაანაცვლა.
შექმნილი მდგომარეობის გამო, კორდობაში ნივრის მწარმოებლები გაერთიანდნენ და, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, როგორც სათესი ფართობების გაზრდის, ისე ხარისხის, მარკეტინგის და კორდინაციის თვალსაზრისით. შედეგად დაიწია ნივრის თვითღირებულებამ და მათ მალევე დაიბრუნეს პოზიციები ბაზარზე.
როგორც ნივრის სექტორის ეროვნულმა პრეზიდენტმა მიგელ დელ პინომ განაცხადა, „დღეს ჩვენ ვიღებთ ესპანური ნივრის რეკორდულ მოსავალს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა“.
ზოგიერთი მცირე მეურნეობის გამოკლებით, ესპანელი ნივრის მწარმოებლები ფაქტიურად უზრუნველყოფილნი არიან მუშებით, როგორც მოსავლის აღების, ასევე შემდგომ პროცესებში.
ნივრის ასოციაციას (Asaja) საკუთარი მშრომელთა ბანკი აქვს, მასში შედის 5,900 ადამიანი, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კორდობას პროვინციის ნივრის კამპანიაში – წარმოების, მოსავლის აღების, ლოჯისტიკის და შეფუთვების ჩათვლით.
რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მიგელ დელ პინო ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ „პირველი ნიორი, რომელიც ევროპაში თაროებს დაიკავებს არის კორდობას ნიორი”. ამ პროვინციაში, ამ ეტაპზე, ადგილობრივი წარმოების იმდენი ნიორი იზრდება, რომ საკმარისია ადგილობრივი ბაზრის უზრუნველსაყოფად და პროდუქციის 90% -მდე ექსპორტზეც გავა. ფერმერები მაღალ შემოსავლებს რაოდენობის და ხარისხის ზრდის შედეგად მიიღებენ.
როგორც ვხედავთ ესპანური ნიორის ბაზარზე პოზიციების დაბრუნებას ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტორებმა: მწარმოებელთა გაერთიანება, კორდინაცია, ფართობების გაზრდა, თვითღირებულების შემცირება, ასოციაციის (Asaja) საკუთარი მშრომელთა ბანკი და წარმოებული პროდუქტის ხარისხის ზრდა.
მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი.