ნიადაგი ცოცხალი ეკოსისტემაა სადაც უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს. ნიადაგის დაცვა ნიშნავს იმ მილიონობით პატარა ორგანიზმის დაცვას, რომლებიც ზრუნავენ იმისთვის, რომ ნაყოფიერი მიწა გვქონდეს.
ერთი შეხედვით, ნიადაგი უბრალოდ მიწაა, რომელშიც მცენარე იზრდება. სინამდვილეში კი მისი ყოველი მუჭა სიცოცხლით არის სავსე. იქ ცხოვრობენ ბაქტერიები, სოკოები, ჭიები, მწერები და უამრავი სხვა მიკროორგანიზმი, რომლებიც მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს აწვდიან, წყლის შენარჩუნებას უწყობენ ხელს და ნიადაგის ნაყოფიერებას ინარჩუნებენ. თუ ეს უხილავი სამყარო ზიანდება, შედეგს ადრე თუ გვიან ფერმერიც და ბუნებაც ერთნაირად იგრძნობს.
მეცნიერები ნიადაგს ხშირად ცოცხალ ეკოსისტემას უწოდებენ. მის ზედაპირს ქვემოთ მუდმივად მიმდინარეობს რთული პროცესები, რომლებიც მცენარეების ზრდას უზრუნველყოფს. სასარგებლო მიკროორგანიზმები ორგანულ ნარჩენებს შლიან, საკვებ ელემენტებს ხელმისაწვდომ ფორმად გარდაქმნიან და მცენარის ფესვებთან თანამშრომლობენ. სწორედ ამიტომ ჯანმრთელი ნიადაგი მხოლოდ კარგი მოსავლის, არამედ მთელი ეკოსისტემის საფუძველია.
სამწუხაროდ, თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ნიადაგი ხშირად დიდ დატვირთვას განიცდის. ხშირი და ღრმა დამუშავება, მძიმე ტექნიკის გადაადგილება, მცენარეული ნარჩენების სრულად გატანა, ეროზია და ქიმიური საშუალებების გადაჭარბებული გამოყენება ნელ-ნელა ამცირებს იმ ორგანიზმების რაოდენობას, რომლებიც ნიადაგს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. გარედან ეს ცვლილებები ყოველთვის არ ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში მიწა კარგავს სტრუქტურას, ნაკლებად ინარჩუნებს ტენს და მცენარეებიც უფრო მოწყვლადი ხდება.
სწორედ ამიტომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს რეგენერაციული სოფლის მეურნეობა. მისი მთავარი მიზანია არა მხოლოდ მოსავლის მიღება, არამედ ნიადაგის ბუნებრივი სიცოცხლის აღდგენა. ამისთვის გამოიყენება საფარი კულტურები, ორგანული ნარჩენების ნიადაგში დაბრუნება, მინიმალური დამუშავება და მოსავლის სწორად მონაცვლეობა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას და ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას.
ნიადაგის ჯანმრთელობა მხოლოდ სოფლის მეურნეობის საკითხი არ არის. ის გავლენას ახდენს წყლის რესურსებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ადამიანის საკვების ხარისხზეც. რაც უფრო მდიდარია ნიადაგი სიცოცხლით, მით უფრო მდგრადია მთელი ეკოსისტემა.
ჩვენ ხშირად ცას, ტყეებსა და მდინარეებს ვუყურებთ, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმ სამყაროზე, რომელიც ფეხქვეშაა. არადა, სწორედ იქ, უხილავ სიღრმეში, იწყება სიცოცხლის დიდი ნაწილი. ნიადაგის დაცვა ნიშნავს იმ მილიონობით პატარა ორგანიზმის დაცვას, რომლებიც ყოველდღე ჩუმად მუშაობენ იმისთვის, რომ ხვალაც ნაყოფიერი მიწა გვქონდეს.
წყარო: FAO

