მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის წესები

პროდუქტი

მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმები, დროის ხანგრძლივობა და რჩევები.

განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათია: ხორცის, რძის, თევზის, კულინარული (სალათები, ნახევარფაბრიკატები და სხვა) და საკონდიტრო ნაწარმი, ბოსტნეულისა და კვერცხის შემცველი პროდუქტები.

განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6-72 საათი (პროდუქტის სახეობების მიხედვით) არა უმეტეს 6 °C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;

უკრემო, ცილის კრემით ან ხილით გაწყობილი ტორტებისა და ნამცხვრების შენახვის მაქსიმალური ვადაა 72 საათი. ნაღების კრემით გაწყობილის 36 სთ, ხოლო მოხარშული კრემით და ათქვეფილი ნაღების კრემით გაწყობილის კი 6 საათი.

ყველა მათგანი უნდა ინახებოდეს +2°C-დან +6°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;

  • არაქარხნული ხორცის ფარშის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6 საათი +2°C-დან +6°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
  • სოსისი და სარდელი +2°C-დან +6°C-მდე ინახება არა უმეტეს 48 საათი;
  • მოხარშული ძეხვი +2°C-დან +6°C-მდე ინახება 24 საათიდან 72 საათამდე (ხარისხის მიხედვით);
  • გაყინული ხორციანი პელმენი 48 საათამდე ინახება არა უმეტეს -5 °C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;

ხორცის შეძენისას დააკვირდით მის ფერს (უნდა იყოს ღია ვარდისფერი, ან ღია წითელი), სიმკვრივეს (ზედაპირზე თითის დაწოლისას წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გაქრეს);

ნუ შეიძენთ მუქი ფერის ხორცს, რომლის ზედაპირი დაფარულია ლორწოთი და ეკვრის თითებს, აქვს არადამახასიათებელი სუნი. ასევე, თუ ძვლის ტვინი არ ავსებს ლულოვანი ძვლების მთელ სანათურს, რბილია, იგლისება და აქვს რუხი ფერი;

ნუ შეიძენთ თევზს, რომლის თვალები ჩავარდნილია ფოსოებში, რქოვანი გარსი ამღვრეულია, კუნთები არ არის მკვრივი და მუცელი გამობერილია; ნუ შეიძენთ კუსტარულად დამზადებულ შებოლილ და დამარილებულ თევზს.

სურსათის შენახვისას გაითვალისწინეთ:

  • არ შეინახოთ შეძენილი მალფუჭებადი სურსათი უმაცივროდ ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობით; ერიდეთ გალღობილი სურსათის ხემეორედ გაყინვას;
  • ნედლეული და მზა ნაწარმი შეინახეთ ერთმანეთისაგან განცალკევებით ან დახურულ ჭურჭელში, რადგან შესაძლებელია ბაქტერიები გადავიდეს ერთი პროდუქტიდან მეორეში;დაიცავი სურსათი მღრღნელების, მწერებისა და სხვა ცხოველებისაგან; ჩვილი ბავშვის საკვები შენახვას არ ექვემდებარება;
  • არაქარხნული პაშტეტის შენახვის მაქსიმალური ვადაა 6 საათი +2°C-დან +6°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
  • პასტერიზებული რძე, ნაღები, მაწონი და ხაჭო +2°C-დან +6°C-მდე ინახება 36 საათი;
  • არაჟანი +2°C-დან +6°C-მდე ინახება არა უმეტეს 72 საათი;

განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დარღვევა იწვევს ამ სურსათში არა მარტო ლპობის, არამედ პირობით-პათოგენური და პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ გამრავლებას, რაც თავის მხრივ მიკრობული კვებითი მოწამვლისა და მწვავე ნაწლავური დაავადებების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს;

განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის დადგენილი ვადა აითვლება ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებიდან და მოიცავს დამამზადებელ საწარმოში დაყოვნების, ტრანსპორტირებისა და სარეალიზაციო ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შენახვის დროს;

პროდუქციის დამამზადებელი საწარმო ვალდებულია მოახდინოს განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის თითოეული პარტიის ნიშანდება, კერძოდ, იარლიყზე ან შესაფუთ ტარაზე მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შენახვის ტემპერატურა და ვადა;

დაუფასოებელი სურსათისათვის, დამამზადებელმა საწარმომ უნდა გაგზავნოს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ეტიკეტები ამ პროდუქტების სარეალიზაციო წერტილებში, სადაც განთავსდება მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გირჩევთ სურსათის შეძენისას გახსოვდეთ:

  • ყურადღება მიაქციოთ მისი შენახვის პირობებს, კერძოდ, მაცივარში შენახვას;
  • შეამოწმოთ სურსათის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა, ასევე, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის მიერ მითითებულ შენახვის პირობებს;
  • არ შეიძინოთ ისეთი სურსათი, რომლის ეტიკეტზე არ არის მითითებული დამზადებისა და რეალიზაციის ვადები;
  • შეამოწმოთ რამდენად არის დაცული დისტრიბუტორის მიერ ეტიკეტზე მითითებული შენახვის პირობები;
  • უპირატესობა მიანიჭეთ სურსათს, რომელიც არის გადამუშავებული. მაგალითად, უმი რძის მაგივრად გამოიყენეთ პასტერიზებული რძე;
  • ნუ შეიძენთ საოჯახო პირობებში დამზადებულ კონსერვებს;
  • ნუ შეიძენთ კვერცხს, თუ ის ინახება არა უმეტეს +20 °C ზე მეტი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში;
  • ნუ შეიძენთ ხორცს, თუ მას არა აქვს ექიმი ვეტერინარის შემოწმების ბეჭედი.

კერძის მომზადებისას:

  • მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავე თქვენს სამზარეულოში;
  • კერძის მომზადებისას ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • გულმოდგინეთ გარეცხეთ ჭურჭელი, სურსათის დასამუშავებელი დაფები, დანები;
  • კერძის მომზადებისას ან სურსათის გარეცხვისას გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი;
  • გაყინული ხორცი მომზადების წინ გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე, თევზი კი ცივ გამდინარე წყალში;
  • დაიმახსოვრეთ, რომ უმი სურსათის უმრავლესობა, მაგალითად, საქონლისა და ფრინველის ხორცი, არაპასტერიზებული რძე შესაძლებელია იყოს  მიკროორგანიზმებით დაბინძურებული. ხოლო, კულინარული დამუშავებისას სურსათში მიკროორგანიზმები იღუპება;
  • დაიცავით სურსათის შენახვის პირობები (ტემპერატურული რეჟიმი და სხვა);
  • ახალი მომზადებული ცხელი კერძი არ შეინახოთ მაცივარში, სანამ ის არ გაცივდება კერძი მოამზადეთ იმ რაოდენობით, რამდენსაც შეძლებთ სწრაფად მიიღოთ, ვინაიდან კერძის დაყოვნებისას მასში მრავლდება მიკრობები;

სურსათის ეროვნული სააგენტო

იხილეთ აგრეთვე: როგორ შევინახოთ ხილ-ბოსტნეული მაცივრის გარეშე

თქვენი რეკლამა