
ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველია ირმისებრთა ოჯახისა.
ევროპული შველი საქართველოში გავრცელებული ერთადერთი შვლის სახეობაა. იგი წყვილჩლიქოსანი ცხოველია, რომელიც გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით: სხეულის სიგრძე დაახლოებით 1.50 მეტრი, ხოლო წონა 10-დან 25 კგ-მდე აღწევს.
ისევე როგორც კეთილშობილ ირემს, რქები მხოლოდ მამრ ინდივიდებს უვითარდებათ, რომელსაც ოქტომბერ-ნოემბერში იცვლიან. შველი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც თითქმის მთელ ევროპაში გვხვდება, გარდა მცირე ზომის იზოლირებული კუნძულებისა.
დღეს არსებული მონაცემებით, მსოფლიო პოპულაცია, დაახლოებით, 15 მლნ ინდივიდს ითვლის და ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საბინადროდ უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ, ფოთლოვან ან შერეულ ტყეებსა და კარგად განვითარებულ ქვეტყეს.
შვლის მაკეობა 9 თვეს გრძელდება. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, მდედრი შველი შობს ერთ ან ორ თეთრი ხალებით სხეულდაფარულ ნაშიერს. ეს არის ოპტიმალური დრო გაჩენისთვის, რაც ზრდის ნაშიერის გადარჩენის შანსებს.
კეთილშობილი ირმების მსგავსად, მამრი შვლები რქებს შეჯვარების პერიოდში, მდედრი ინდივიდების მოსაპოვებლად, რიტუალიზებული ორთაბრძოლისთვის იყენებენ.
ხშირად, ადამიანებს შველი ირმის ნაშიერი ჰგონიათ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შველი და ირემი სხვადასხვა სახეობის ცხოველებია და ორივე მათგანის შვილს „ნუკრი“ ეწოდება.
წყარო: ჩვენი სოფელი