
ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები, ქართველ ღვინის მწარმოებლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გააცნო.
ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 15 ნიმუში შემდეგი პარამეტრებით შეფასდა:
- შეფერილობის ინტენსივობა;
- ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი);
- სანელებლები;
- ყვავილოვანი ტონები;
- ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა);
- ტანინი/სხეულიანობა;
- სიმწკლარტე/სიუხეშე;
- ალკოჰოლის შეგრძნება.
საუკეთესოებად ცივვაზი, ქიშური, ჩინური და გორული მწვანე დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.
აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან, ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.