იაპონიის დედაქალაქში გამართული ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ“ შეხამება იყო.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
„Red Bridge“-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერსს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მიმართ იჩენენ, რომელსაც 2013 წელს, ისევე როგორც იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოს, „იუნესკოს” მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ქართული ღვინისა და იაპონური ტრადიციული სამზარეულოს კომბინაცია ძალიან მიმზიდველია იაპონელი მომხმარებლებისთვის. იაპონიაში ღვინის მოხმარების კულტურა მაღალ დონეზეა, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
ტოკიოში გამართულ დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ღვინის მწერლები და პროფესიონალები. მათ ის ქართული ღვინოები დააგემოვნეს, რომლებიც უკვე იყიდება იაპონიის ბაზარზე.
კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მუდმივად მზარდია.