თურქეთი თხილის რეკორდულ მოსავალს ელოდება – წარმოება შესაძლოა 56%-ით გაიზარდოს

თხილი, ეხსპორტი

მსოფლიოს უმსხვილესი თხილის მწარმოებელი ქვეყანა, თურქეთი, 2026/27 სეზონში მნიშვნელოვნად უფრო დიდ მოსავალს ელოდება. საერთაშორისო შეფასებებით, ქვეყნის თხილის წარმოება შესაძლოა 56%-ით გაიზარდოს, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

მოსალოდნელი უხვი მოსავლის ფონზე თურქეთის ბაზარზე თხილის ფასები უკვე რამდენიმე თვეა კლების ტენდენციას ინარჩუნებს. Expana Benchmark Prices-ის მონაცემებით, ივნისის დასაწყისში თურქული თხილის (11/13 ლევანტური ხარისხი, FOB თურქეთი) ფასი 100 კილოგრამზე 910 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე 11%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

ბაზარზე ფასების შემცირებას ხელს უწყობს როგორც სუსტი საექსპორტო მოთხოვნა, ისე ახალი სეზონის მაღალი მოსავლის მოლოდინი. შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის მაისის ბოლომდე თურქეთმა 150.6 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე, მაშინ როდესაც ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 2024/25 სეზონში 260.1 ათასი ტონა, ხოლო 2023/24 სეზონში დაახლოებით 240 ათასი ტონა შეადგინა.

ბაზრის ყურადღება განსაკუთრებით თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) მაისის პროგნოზმა მიიპყრო. ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთის თხილის წარმოება 2026/27 სეზონში 809.9 ათას ტონას მიაღწევს, მაშინ როცა მიმდინარე სეზონის მოსავალი დაახლოებით 518 ათასი ტონა იყო. საწყისი მარაგების გათვალისწინებით, ბაზარზე ხელმისაწვდომი თხილის საერთო მოცულობა თითქმის 960 ათას ტონას მიაღწევს.

ექსპერტების შეფასებით, მოსავლის ზრდას ხელსაყრელი ამინდი და ბაღების პროდუქტიულობის გაუმჯობესება განაპირობებს. ბოლო წლებში თურქეთის თხილის მწარმოებელ რეგიონებში კლიმატური პირობები არაერთხელ გახდა მოსავლიანობის შემცირების მიზეზი, თუმცა მიმდინარე სეზონი ბევრად უკეთესად ვითარდება.

ბაზარზე დამატებითი ყურადღება მიიპყრო კომპანია Ferrero-მაც, რომელიც მსოფლიოში თხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. მაისში კომპანია თურქეთის ბაზარზე დაბრუნდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მხოლოდ დაახლოებით 5 ათასი ტონა თხილის შეძენა შეძლო, რადგან ბაზარზე არსებული მარაგების ნაწილი მის ხარისხობრივ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამავდროულად, მსოფლიო ბაზარზე ყურადღებით აკვირდებიან სხვა მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებსაც. მაგალითად, ჩილეში 2026/27 სეზონის თხილის წარმოება დაახლოებით 120 ათას ტონად არის შეფასებული, რაც პრაქტიკულად უცვლელია წინა სეზონთან შედარებით.

ბაზრის მონაწილეები ასევე ელოდებიან თურქეთის მარცვლეულის საბჭოს (TMO) გადაწყვეტილებას ახალი სეზონის ინტერვენციულ შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ფერმერების მხარდაჭერის მიზნით შესყიდვის ფასები გაზარდოს, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აგროსექტორის მხარდაჭერა პოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს.

თუ წარმოების ზრდის პროგნოზი გამართლდება, თურქეთის თხილის სექტორი ახალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გადაიქცევა. მსოფლიოს თხილის ბაზარზე თურქეთის წილი ჩვეულებრივ 60-70%-ს აღემატება, ამიტომ ქვეყანაში მოსავლის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება პირდაპირ აისახება როგორც საერთაშორისო ფასებზე, ისე მსოფლიო ვაჭრობის დინამიკაზე.

წყარო: Mintec/Expana

რა უნდა ვიცოდეთ თუ თხილის ბაღის გაშენება გვინდა

თქვენი რეკლამა