სტამბოლში მოწამვლების სერიამ პანიკა გამოიწვია

სტამბოლი, საკვები, მოწამვლა

სტამბოლში მოწამვლის ინციდენტების დროში დამთხვევამ, პანიკა გამოიწვია და ქუჩაში საკვების გაყიდვები შეამცირა.

ბოლო კვირების განმავლობაში საკვებით მოწამვლის შემთხვევების სერიამ, რომელიც გერმანიიდან სტამბოლში ჩასული ოჯახის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაფიქსირდა, საკვების უვნებლობასთან დაკავშირებით პანიკა გამოიწვია და სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიაყენა ქუჩის მოვაჭრეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ტურისტულ ზონებში.

რესტორნებისა და ტურიზმის ასოციაციის (TÜRES) მონაცემებით, ბეშიქთაშში ქუჩის მოვაჭრეებმა, პირველი ინციდენტიდან პირველივე დღეებში გამომცხვარი კარტოფილის, მიდიების და კოკორეჩის (ცხვრის ნაწლავებისგან დამზადებული კერძი) გაყიდვები 80%-ზე მეტით შეამცირეს.

საქაბაბებმა და ქათმის დონერის ობიექტებმა 25%-მდე დანაკარგის შესახებ განაცხადეს, საკვების მიტანის ონლაინ შეკვეთები, თითქმის იგივე რაოდენობით შემცირდა.

TÜRES-ის წარმომადგენელმა რიდვან თურშაკმა გაზეთ „ჰურიეთს“ განუცხადა, რომ გაყიდვები „ჯერ კიდევ დაახლოებით 40%-ით ნაკლებია ინციდენტამდელ დონესთან შედარებით“ და დასძინა, რომ ყველაზე მკვეთრი კლება ორთაკოიში დაფიქსირდა, რაიონში, რომელიც დიდი ხანია სტამბოლის ქუჩის გასტრონომიასთან ასოცირდება.

კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანულ-თურქული წარმოშობის ოჯახის წევრები, რომელიც ფატიჰის რაიონში სასტუმროში იმყოფებოდნენ, 12 ნოემბერს ორთაკოიში ქუჩის საკვების ჭამის შემდეგ ცუდად გახდნენ და მოგვიანებით გარდაიცვალნენ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მიზეზი შესაძლოა დაბინძურებული საკვები ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სასამართლო ექსპერტებმა, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად, სასტუმროში გამოყენებული ფუმიგაციის აგენტი (ალუმინის ფოსფიდი) მიუთითეს, ტირშაკმა აღნიშნა, რომ ქუჩის საკვებზე თავდაპირველმა ფოკუსირებამ მაშინვე შეარყია მომხმარებელთა ნდობა და მცირე მოვაჭრეებისგან მომხმარებლების დისტანცირება გამოიწვია.

ასოციაციამ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვერ შეეგუება სიტუაციას, რომელშიც მთელი კვების სერვისის სექტორი ეჭვქვეშ დგას“, გაიხსენა, რომ ბიზნესები რეგულარულად იღებენ ნიმუშებს და ინსპექტირდებიან. ორგანიზაციამ გააფრთხილა, რომ რამდენიმე დარღვევამ „მთელი ინდუსტრიის სურათი არ უნდა განსაზღვროს“.

ორთაკოის ვაჭრებმაც დაგმეს მათი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი და განაცხადეს, რომ ბრუნვა 70%-მდე შემცირდა. „ჩვენ აქამდე ჩუმად ვიყავით, მაგრამ აღარ ვაპირებთ“, – განაცხადა ადგილობრივი ვაჭრების ასოციაციის ადვოკატმა მეჰმეთ დერვიშ ილდიზმა და მოუწოდა ხელისუფლებას და საზოგადოებას, თავი აარიდონ „სასამართლოს გარეშე რეპრესიებს“.

სასტუმროებმაც იგრძნეს გავლენა. თურქეთის მცირე სასტუმროების ასოციაციამ (TÜRKODER) არ განაცხადა რაიმე გაზომვადი დანაკარგის შესახებ, მაგრამ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) წარმომადგენელმა გურკან ოზჯანმა ფათიხის რაიონში დაჯავშნების 10-15%-ით შემცირება აღნიშნა.

„მოვლენები, რომლებიც დაუცველობის განცდას ქმნიან, გარდაუვლად მოქმედებს დაჯავშნებზე“, – აღნიშნა მან.

საზოგადოების შეშფოთება ბოლო კვირის განმავლობაში ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოწამვლის რამდენიმე შემთხვევამ გაამძაფრა.

შიშლის რაიონში, 25 ადამიანი, რომლებმაც ერთი რესტორნიდან საკვები შეუკვეთეს, მოწამვლის საეჭვო შემთხვევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს; დაწესებულება მოგვიანებით დაიხურა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა.

ბეიოღლუს რაიონში, 26 წლის ინჟინერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც წყლის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალებით მომზადებული თურქული ყავა მიართვეს, რამაც მძიმე ქიმიური დამწვრობა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი ინციდენტები აშკარად ერთმანეთთან დაუკავშირებელია, დროში დამთხვევამ შეშფოთება გაზარდა და სტამბოლის მრავალი ბიზნესისთვის ფინანსური ზიანი უკვე აშკარა გახდა.

წყარო: mk-turkey  | ფოტო: Hürriyet.

თქვენი რეკლამა