შუა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება

შუა, დერეფანი, ჩინეთი, საქართველო

ფილიპინების ქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC), წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიური შეხვედრა მიმდინარეობს.

„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა, გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაში უკვე აისახა – 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12,678 TEU-ს მიაღწია.

გენადი არველაძემ პანელური სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოში სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ძირითადი პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებაზე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და სხვ. მან ასევე ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საგზაო და სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.

CAREC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია CAREC-ის სტრატეგია 2030-ის განხორციელების პროგრესის განხილვა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება.

თქვენი რეკლამა