ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის წარმოჩენა იყო. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში შესვლისა და დამკვიდრების კუთხითაც.
ღონისძიებას უძღვებოდა ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და ქარვისფერი ღვინის ექსპერტი საიმონ ჯეი ვულფი, რომლებმაც სტუმრებს ქარვისფერი ღვინის წარმოშობის ისტორია გააცნეს.
ქართული ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე საინფორმაციო-ტექნიკური ხასიათის სესიაც გაიმართა, რომელიც ქართველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თელიანი ველი, მეღვინეობა ხარება, შუხმანის ღვინოები და იაგოს ღვინო (იაგო ბითარიშვილი).
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების სტრატეგიებზე. ზემოაღნიშნული პრეზენტატორების გარდა, ქართულ ღვინოსა და საქართველოზე ისაუბრეს ღვინის მაგისტრმა ჯულიენ ბულანდმა (Julien Boulad), ღვინის პროფესიონალმა სიაო პი სუმ (Xiao Pi Xu) და ტოპ სომელიე ფეი ფეი ლუმ (Fei Fei Lu).