„საფერავი – კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ – პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს.
ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გაკეთდა.
„საფერავი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს… როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე.
იხილეთ სტატია: Saperavi: A Noble, World-Class Grape Variety
კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.
2024 წელს, „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გაარძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.
აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast.)
ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო.
იხილეთ აგრეთვე: საფერავი – ქართული ვაზის განსაკუთრებული ჯიში