
„ყალბი ფერმერების“ სკანდალის შემდეგ, შესაძლოა, საბერძნეთს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიები შეუმცირდეს.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო ფონდთან დაკავშირებული სკანდალი გავლენას მოახდენს ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტზე, რომელიც სუბსიდიებსაც მოიცავს.
საბერძნეთის მიერ ევროკავშირის სუბსიდიების ბოროტად გამოყენების ირგვლივ ატეხილი სკანდალი გარკვეულ როლს ითამაშებს ევროპარლამენტის მიერ ახალი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაში, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის ხარჯებს; ევროკომისია მას წლის ბოლოს წარადგენს.
ამის შესახებ ჩვენს euronews-ს ევროპარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის ჯგუფთაშორისი კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დანიელ ფროინდმა განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა ე.წ. „ყალბი ფერმერების“ ირგვლივ ატეხილ სკანდალზე, რომელმაც საბერძნეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მართვის ეფექტურობა. „ვიმედოვნებ, რომ ათენი ამ საქმეში ჩართულ პარლამენტის წევრებს იმუნიტეტს მოუხსნის სათანადო გამოძიების ჩასატარებლად“, – აღნიშნა მან.
ევროპის პროკურატურამ (EPPO) რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იძიებდა საბერძნეთში 2019-დან 2024 წლამდე არსებულ დარღვევებს, რომლებიც, ექსპერტების აზრით, შემთხვევითი არ იყო და ხელს უწყობდა მასშტაბურ თაღლითობას. პროკურატურის თქმით, ამაში მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები.
გამოძიების თანახმად, ათობით ბერძენმა მოქალაქემ მიიღო სუბსიდიები არარსებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ან იმ საძოვრების მოვლა-პატრონობისთვის, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ ან არ ქირაობდნენ. ეს რეალურ ფერმერებს ართმევდა იმ ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მიღებაც მათ ეკუთვნოდათ.
ევროკომისიამ 2016-2023 წლებში სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების მართვაში სისტემური დარღვევებისთვის, საბერძნეთს 392,2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამ ფონზე, მაკის ვორიდისმა, რომელიც ადრე საბერძნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, და სამმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ახალი კონტროლის მექანიზმების შემოღების შესახებ განაცხადა და ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების პირობა დადო.
„ეს სკანდალი ყველაზე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ ანტიკორუფციული დირექტივის დაბლოკვა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა ნიკ აიოსამ. „ის ფაქტი, რომ კორუფციული სქემა გამოაშკარავდა, ევროპის პროკურატურის ღირებულებას აჩვენებს“.
წყარო: euronews