ამერიკულმა კომპანია Veg-Fresh Farms-მა ორგანული იასამნისფერი პომიდვრის ახალი ჯიში — Organic Purple Crush — წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ახალი ჯიში აუმჯობესებს ამავე სახელწოდების წინა ვერსიას, რომელიც მომხმარებელში პოპულარული იყო უჩვეულო მუქი იისფერი შეფერილობით, გამორჩეული არომატითა და მაღალი ხარისხის ნაყოფით.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი Organic Purple Crush ინარჩუნებს წინა ჯიშის მთავარ უპირატესობებს, თუმცა გამოირჩევა უფრო მკვრივი რბილობით, ინტენსიური არომატითა და უფრო გამოხატული იასამნისფერი შეფერილობით. მწარმოებლის შეფასებით, ეს მახასიათებლები ჯიშს უფრო მიმზიდველს ხდის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე საცალო ვაჭრობის ქსელებისთვის.
Veg-Fresh Farms-ის გენერალურმა პარტნიორმა, რენდი კანსელიერიმ, აღნიშნა, რომ ახალი ჯიშის შექმნას წინ უძღოდა ხანგრძლივი სელექციური მუშაობა. მისი თქმით, მიზანი იყო ისეთი იასამნისფერი პომიდვრის მიღება, რომელიც გამოირჩეოდა არა მხოლოდ ორიგინალური გარეგნობით, არამედ გაუმჯობესებული ტექსტურით, არომატითა და გემური თვისებებით.
„ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ სხვადასხვა სელექციური პროგრამის ტესტირებას, ვცდილობდით გვეპოვა იასამნისფერი პომიდორი, რომელიც ყველა პარამეტრით გადააჭარბებდა მოლოდინს. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის ჭეშმარიტად უნიკალური პროდუქტის შეთავაზება, რომელიც ინტერესს გამოიწვევდა, ახალ კულინარიულ ექსპერიმენტებს შთააგონებდა და უმაღლეს გემოს შესთავაზებდა. Purple Crush-ის ახალი თაობის პოვნა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით საჭირო რესურსები ჩაგვედო ბაზარზე საუკეთესო იასამნისფერი პომიდვრის გამოსატანად. შედეგად, ჩვენ შევძელით ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ უმაღლესი ტექსტურით, არომატითა და ხარისხითაც“, – აღნიშნა კომპანიის გენერალურმა პარტნიორმა, რენდი კანსელიერიმ.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, დანიელა ხუარესის, განცხადებით, მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან უჩვეულო ფერისა და განსაკუთრებული გემოს მქონე ბოსტნეულით. მისი შეფასებით, ახალი Organic Purple Crush სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს და საცალო ქსელებში პროდუქციის ასორტიმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ფერადი პომიდვრის ბაზარი იზრდება
ბოლო წლებში მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა იასამნისფერ, შავ, ვარდისფერ და ზოლიან პომიდვრებზე, რომლებიც ტრადიციულ წითელ ჯიშებთან შედარებით პრემიუმ სეგმენტში იყიდება. ასეთ ჯიშებზე მოთხოვნას ხელს უწყობს როგორც მათი გამორჩეული ვიზუალი, ისე მაღალი გემური თვისებები და ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანთოციანინებით, მდიდარი ნაყოფი.
ფოტო: © Veg-Fresh Farms
წყარო: hortidaily
პომიდვრის ორგანული წარმოება

