
კომპანიის ფინანსური დირექტორის, ჯოშ ჯეპსენის თქმით, John Deere მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, საწარმოო სიმძლავრეების განვითარებისთვის 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Agrar Technik ავრცელებს.
„ჩვენი ისტორიული ფესვები სწორედ აქ, შეერთებულ შტატებშია. ჩვენ აქ ტექნიკას 188 წელია ვაწარმოებთ. ჩვენი წარმოების უმეტესი ნაწილი ქვეყნის შუა დასავლეთ ნაწილშია, კერძოდ აიოვასა და ილინოისში. ეს ინვესტიცია ჩვენი ვალდებულების დასტურია“, – თქვა ჯეპსენმა.
დაგეგმილ პროექტებს შორისაა მისურის შტატში კაპიტალუირ რემონტის (remanufacturing) ობიექტის გაფართოება.
კომპანია ასევე ინვესტირებას განახორციელებს 9 RX მოდელის ახალ საწარმოო ხაზებში ვატერლოოს ქარხანაში, აიოვას შტატში.
ჯეპსენმა ასევე მიანიშნა ინვესტიციის პოლიტიკურ კონტექსტზე: „2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც კი, ყოფილმა კანდიდატმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ ჩვენს პროდუქციაზე 200%-იან ტარიფებს დააწესებდა, თუ ჩვენი წარმოების ნაწილს მექსიკაში გადავიტანდით. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნათლად გავუსვათ ხაზი ჩვენს სტრატეგიას, კერძოდ, აშშ-ში ინვესტირებას“.