
მოლდოვას რკინიგზელები უკრაინული ხორბლით დატვირთული მატარებლების გაჩერებით იმუქრებიან თუ ხელფასს დროულად არ ანაზღაურებენ.
წლის დასაწყისიდან მოლდოვას რკინიგზის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები. ისინი რკინიგზის ლიანდაგების გადაკეტვით და უკრაინული მარცვლეულის მატარებლების გაჩერებით იმუქრებიან.
ამის შესახებ Rail.insider საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
კიშინიოვში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც რკინიგზის თანამშრომლები, ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადაუხდელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ. უფრო ადრე, საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ბალტიში, უნგენში, ოკნიტაში, ბასარაბეასკასა და ჯურგიულესტში, სადაც მდებარეობს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო კვანძები.
თანამშრომლების მიმართ დავალიანების მოცულობა აღემატება 200 მილიონ ლეის (დაახლოებით 11,3 მილიონი აშშ დოლარი). თანხის გადახდის გარდა, აქციის მონაწილეები დაგვიანებული გადახდების კომპენსაციას და მინიმალური ხელფასის 5500 ლეამდე გაზრდას ითხოვენ. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რკინიგზელები შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტით იმუქრებიან.
„პროგნოზირებულია, რომ რკინიგზელთა მასობრივი გათავისუფლება გაართულებს მოლდოვას რკინიგზის მუშაობას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანსპორტირების ლოჯისტიკური მარშრუტების გაუმჯობესების და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ევროკავშირი-უკრაინის ინიციატივის „სოლიდარობის გზების“ ფარგლებში“, წერს გამოცემა.
წყარო: latifundist.com